ქართულ ენას


ქარი წაიღებს როგორც წესი ქარის მონატანს,
ქარი ქართული, ქარი მღვრიე, ქარი დაღლილი,
მორიგი დილა გაზაფხულთან გაიზმორა და
მთქნარებასავით გადაედო ხეებს აპრილი...

უწინ კი ამ დროს მტერი მუნჯი კერპით გვდევნიდა,
მძიმე თავსატეხს ჩვენ კი ტკბილი ენით ვენაზეთ,
ქრისტიანობა იწყებოდა ქართულ ენიდან
და ალბათ ღმერთიც საუბრობდა ქართულ ენაზე -

ისე ვიყავით, საკუთარი სულის ღადარში,
ჩაფლულები რომ უიმედო შეგვრჩა არჩივი,
მაგრამ აქამდე სიმღერების ძალით გადავრჩით
და ერთმანეთის სიმღერებიც გადავარჩინეთ.

ახლა კი ენავ ისე მქვია შენით გამძღარი,
არ დავიღლები თუნდაც ლექსში სიტყვის ხეტებით,
იმდენნაირი გაარღვიე დრო და საზღვარი,
ხშირად ფრჩხილებში ჩასასმელად არ მემეტები.

ისე მიყვარხარ, რომ ეს გრძნობა მიყვარს უფრორე
და მინდა მთელი ძალისხმევა შენით მოვისრა,
მთელი პლანეტა ერთ ენაზე რომ ვსაუბრობდეთ,
მე ავაგებდი ალბათ გოდოლს ბაბილონისას...

ენავ, ქართველთა მარჩენალო, რწმენავ, დედანო,
შენი ერთგული ყოფილიყოს ყველა ბოლომდე
და ღმერთმა ნუ ქნას რომ ოდესმე ქარს მოეტანო
და თუ მოგიტანს არასოდეს არ გაჰყოლოდე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი