ცის პოეზია
აქ მე ვიწყები, ვრწმუნდები რომ ვიწყები აქ მე, ვსაუბრობ თავთან მოკრძალებით, ღმერთთან ვსაუბრობ, საკმევლის სუნიც ყოველ ახალ შეგრძნებას აკმევს და ვხვდები საქმეც სასარგებლო არის რა უფრო, ანუ წარსულის კალაპოტის მივარღვევ ჯებირს, ანუ მომავლის კალაპოტის ჯებირს ვიღობავ, ვინახავ ტვინში მიყოლებით სტრიქონებს ზეპირ და სულში დგება ცოდვის გუბე და წყალდიდობას - მომაგონებენ შიგადაშიგ აზრები მრუდე, მიფრინავს სადღაც ჩემი ხანა, როგორც კარეტა და საკუთარ თავს უფრო მეტად შიგნიდან ვუტევ და საკუთარი თავი მიდგას მცველად გარედან. აქ მე ვიწყები, აქ მე ვიბრძვი, ვმარცხდები აქ მე, ჟრჟოლავს ტაძარი და სულია როგორც კანაო, მერე შემოდის ჩემში ღმერთი, რომელიც დავგმე და როგორც სუნთქვა მომაკვდავის, ისე ქანაობს. მე მაგონდება მამაჩემი ტაძარში მუდამ, არადა ხშირად მიტირია როგორ მოვლიე, ერთი უფალი რომ გვყოლოდა მამას ეს სურდა და მეც ამ სურვილს სამარეში ჩავიყოლიებ, რადგან სრულდება რაღაცები საერთოდ აღარ, საკუთარ თავთან არასოდეს თუ არ იცინი და საერთოდაც ეს ცხოვრება მარტივი ზმნაა, ხოლო პოეტი უმეტესად არის ზმნისწინი. ფიქრთა ასეთი შეჯამება მჩვევია აქ მე, დედაჩემი კი დედაჩემი ყველაზე მარტო, მომელოდება, მე კი როგორც დაღლილი საქმე ისე არ ვაქცევ ყურადღებას, ვსრულდები და რტო - ზეთისხილების, ჩემს მეუღლეს უხდება თმაში, მოუხდებოდა უფრო სწორედ, ვიცი ეს კარგად, და მისი ცრემლი ერთიანად ტკბილი და მლაშე, მუდამ ჩემს მხრებზე მოგროვდება უღელის ხარკად, ხარკად რომელიც მისი ხარკი უფროა ვგონებ, მე მეშინია ამ ფიქრებით საკუთარ თავის ასაკში ასეთ, რადგან ვხვდები მეცლება ღონე და ჩემი ლექსი უფრო მეტად შიგნიდან ბღავის. და ვარ ტაძარში, აქ მე ვიბრძვი, ვიწყები აქ მე, სანთელი ჟრჟოლავს და სულია როგორც კანაო, მერე შემოდის ჩემში ღმერთი, რომელიც დავგმე და როგორც სუნთქვა მომაკვდავის, ისე ქანაობს....
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი