ბათუმის დილა
ციკლიდან: ბავშვობაში დაწერილი ლექსები აქ სულ სხვაგვარად, აივნიდან იწყება დილა, აქ სულ სხვაგვარი გათენება სჩვევია ქალაქს, აქ ალიონზე დეკემბერშიც საოცრად თბილა, აქ გათენებას ცეცხლისფერი რიჟრაჟი ჰფარავს. აქ მეეზოვე ასფალტიდან აკრიფავს ღამეს, აქ <ტროსზე> ერთად ათენდებათ პერანგს და ყურძენს, აქ უიმედო სიყვარულივით სრულდება მთვარე, აქ მზე ბროლისფრად აფერმკრთალებს წვიმისფერ ქუჩებს!.. და სველ ტროტუარს გადაირბენს პირველი ბავშვი, ქოლგის შრიალში მიჩქმალდება ამაყი ქარი, ბათუმის დილა ლექსის წერის ხასიათს გაშლის, ზღვისპირა პარკში აირევა ფოთლების ჯარი. აქ მოძალებას ფიქრებისას გულიც ვერ უძლებს, აქ ალიონზე უშენობის წუთები გრილა, აქ "ტროსზე" ერთად ათენდებათ პერანგს და ყურძენს, აქ სულ სხვაგვარი - მეეზოვეს შემოაქვს დილა!...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი