დასასრული
„უკან ურდოები მომყვებიან და მიტოვებული მეფეები“ რეზო გეთიაშვილი მორჩა მეგობარო, უკვე ყველაფერი მორჩა, ესეც საქართველო, შენი სიკვდილი და სიცოცხლე და ღვთის გულისათვის ნუღარ დამამადლი ორ ჩაფ ღვინოს, დავთვრები და მინდა არაფერი ვიცოდე ამ ჩვენს სამშობლოზე, მორჩა მეგობარო, ესეც სრული აბსურდია, ფერიც გადასვლია დამღაზე, გახსოვს, – გიკითხავდი ხშირად აფხაზეთზე ლექსებს, მაგრამ რა აზრი აქვს ლექსში დაბრუნებულ აფხაზეთს? – როცა თამაშია, როცა ტყუილია, როცა ცხოვრობ ქვეყანაში სადაც მძიმე ბედი გარგუნეს, გახსოვს, მუხლმოყრილი ხშირად ვკითხულობდით ლოცვებს, დღეს კი ჩვევაა და მხოლოდ ინსტინქტია – ფსალმუნი. ხედავ, სტრიქონებსაც როგორ გაუვიდათ ყავლი, მუხტი, ამბიცია, სისხლი, სიკვდილისფრად შეფერილს, ვეღარ მოაბრუნებ წარსულს ტიტრებივით ჩავლილს, აღარც ურდოა არსად აღარ ჩანან მეფენი და ღვთის გულისათვის ნუღარ დამამადლი ორ ჩაფ ღვინოს, დავთვრები და ჩვენ ხომ ყველაფერი ვიცოდით, მორჩა მეგობარო, უკვე ყველაფერი მორჩა, ესეც საქართველო, მისი სიკვდილით და სიცოცხლით!...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი