ლეგენდა თოფზე


(ბალადა)

თუ ვყვები მხოლოდ ჩემსა და ყოფითს,
უფალო,
ის იყო ერთი უბრალო თოფი,
უბრალოდ.
ამბობდნენ – მამას განსაკუთრებით
უყვარდა,
მე მახსოვს იგი მხოლოდ და მხოლოდ
ბუხართან.
როდესაც ნახირს მდინარის პირას
ვაბამდი,
ის გახდა ჩემი პირველი დათვის
საბაბი.
ლეგენდად იქცა ამ ამბის შემდეგ
ყოველი
და მთელი წელი ლაპარაკობდა
სოფელი.
როცა მეზობლის ბაღში ხეები
გაჩეხეს,
მახსოვს – ჩემზე წინ იგი მისდევდა
ყაჩაღებს.
ერთხელაც როცა კაცებს სიმთვრალის
არ სწამდათ,
მახსოვს – თუ როგორ გამოიყენეს
ყანწადაც.
მახსოვს და თითქოს ეს გახსენებაც
მადლია,
ვიცი და მჯერა არასდროს
უღალატნია.
თუმც არა თოკი შემოჭერილი
კისერზე,
სწორედ ის გახდა გარდაცვალების
მიზეზი –
ჩემი ძმის, მხოლოდ წერილი! – ოჯახს,
საცოლეს.
გაცივდა სახლი, საძინებელი,
საწოლი.
და იმ დღის შემდეგ (ახლაც ვიგონებ)
ბუხართან,
დავკიდეთ ჩემი ერთადერთი ძმის
სურათი.
ის იყო ერთი უბრალო თოფი
არადა,
მისგან შემორჩა მხოლოდ და მხოლოდ
ბალადა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი