ცხელი სიზმარი
ზამთარი იდგა ფანჯრებს მიღმა, ოთახში სიცხე. დედის სახეს კი ვერ აღვიქვი რა ფერი ედო, ბუხარში ბოლო კუნძი შედო, გახედა მსხლის ხეს და ცხელი ცრემლი შეკრა ნიკაპთან, სადაც პირველი სტროფი მოხდა ჩემი... და ერთ დროს, როგორ მიყვარდა. ხე იდგა მარტო, მამასავით, იდგა და ფიფქებს ირთავდა, თოვლით ავსებული იყო პირთამდე, – იქნებ ხვალ მაინც გადიკაროს, უფალო იქნებ, გაგვატანინე ერთი კვირაო – იტყოდა დედა მოწყენით და დასძენდა – ცხვარსაც, შემოგწირაო. – ვიყავით ასე და დღეს არის თითქოს ზღაპარი ის რაც აქამდე გავიარეთ, თუმც კვლავ მესიზმრა – როგორ მეძინა ქოხის სუნში დაღვრილი ძილით, როგორ სიზმარშიც ცარიელი იყო ლაფარო, შემდეგ ჩამესმა – დაბრუნდაო მამა ამ დილით, შვილო, – მაკოცა და საბანი გადამაფარა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი