მიბრუნება
პოზა იგივეა, ისევ ღამეა და კამელია, ისევ უძილობა, ახალს ვეღარაფერს მოგიყვები, წასვლა მოგინდება, მაგრამ აღარსაით არ მელიან და ეს წერილები ვიცი სადაცაა მომიღებენ ბოლოს, თოვლია და ძველი ვერცხლისფერი სამოვარი რაც კი დამრჩენია შენგან, – ერთადერთი მეგულება, მკრთალი ოცნებები აღარ მიმართავენ წვეულებებს, ასეთ მოწყენილს და შენივ თვალებიდან გადმოვარდნილს, გრძნობა? დაგაჯარებ, ახლა ისევ უმანკოესია, აღარ ეშველება რაც კი დავაშავეთ თავის დროზე და თუ ბრძოლა იყო, თუ კი ომი იყო პოეზია შენთვის, ამაყი ვარ ერთი სტრიქონიც თუ გავისროლე. ყოფაც რა ხანია აღარ შემიძლია მხიარულად. ირგვლივ იგივეა პოზა. საღამოა. რეგრესია და დგას იმედივით ჩვენი შარშანდელი სიყვარული, როგორც მლოცველი და როგორც ჯვრის გარეშე ეკლესია!...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი