ოცდაერთის გამოღმა და ოცდაერთის გაღმა
ქარის სუნი დაეკიდა საფეთქელზე ხვეულ თმებს და თმებით – ყურთან დასმულ მცირე კითხვით ნიშანს, სტრიქონ-სტრიქონ ვიხსენებდი მარტში, გასულ წლეულს, როგორ გწვავდა სხეულს კოცნის დაბინდული გლოსა. დღეს მეზობლის აივნიდან ჩემს სარკმელში რხეულ ყვავილივით ჩუმად გკრეფ და ნება-ნება გყნოსავ. სოფლის ზუნზლში ავტობუსით შემოვედი ყვითელ- ყვითელ ფოთლის ხრაშახრუში იუცხოვა ძეწნამ, მოვდივარ და თვალწინ მიდგას ღამეს როგორ გითევ. ზვინის ორთქლში როგორ წვება ღამის კოპიტები, თითქოს ველებს მოღრუბლება დაუხურავთ რიდედ და მწამს ერთხელ თუ შეგხედე ასჯერ მომინდები. მოდის სოფლის ავტობუსი ბურან-ბურან-ბურან პატარები ფეხშიშველი, გამოსული ღელედ, აყოლებენ საწყალ თვალებს, მოხუცები ყურანს კითხულობენ და თადარიგს ჭადის სუნი ჰფანტავს, თითქოს განგებ არ იმჩნევენ, არ იმჩნევენ თუ რა უთქვამს წარსულს, ჯვრის ფორმა კი მიუღია პანტას. რახა-რუხით მოდის სოფლის ავტობუსი, სევდად მოაქვს ჩემი ბავშვობა და მოჰყავს სიპოეტე, თან მარწმუნებს რომ ჭაღარა დაიბადა დედა, დედის ბევრი სტრიქონი და სიყვარული მმართებს, მოვდივარ და ჩემს განვლილ წლებს სულ სხვა თვალით ვხედავ, წლები ჰგვანან მამაჩემის წვივთან მთვლემარ კატებს. ხალისს მმატებს ავტობუსის ულვაშება მძღოლი, გზა მცირდება შუკა-შუკა, ბილიკ-ბილიკ-ბილიკ, ჩავდივარ და მილოცავენ – შეგირთავსო ცოლი, მზეც ტაატით მიუყვება სოფლის მღვრიე დაღმართს, ბუხრიდან კი ბოლავს თეთრად შენისლული ბოლი – ოცდაერთის გამოღმა და ოცდაერთის გაღმა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი