ჰამაკი


შენი სახლის წინ ხე დგას,
ჩემი სახლის წინ ლირიკა...
ამინდზე მეტად ტირიხარ
როცა ამინდი ტირის,
შენი სახლის წინ ხე დგას,
ჩემი სახლის წინ ლირიკა,
ორივე ასე ვხედავთ,
ამ ორ ერთნაირ ტირიფს.
რაღა თქმა უნდა მარტივად,
რაღა თქმა უნდა ირიბად,
რაღა თქმა უნდა ხვდები რომ
ცა თავზე დაგვხარხარის,
შენი სახლის წინ ხე დგას,
ჩემი სახლის წინ ლირიკა
და ყოველ ღამით როცა
ამოვარდება ქარი,
ვუცქერთ დაბზარულ ფანჯრიდან,
გამთენიას და ერთმანეთს,
ვუცქერთ და ასე ლოდინით,
საათი საათს მისდევს,
შენი სახლის წინ ხე დგას,
ჩემი სახლის წინ ლირიკა
და მამლის დაყივლებამდე
არ გვაგონდება ქრისტე...
მერე შენ უფრო დარდობ და
მერე შენ უფრო ტირიხარ,
ეს სიტყვები კი ბზარად
ჩნდება დრო და დრო გულზე,
შენი სახლის წინ ხე დგას,
ჩემი სახლის წინ ლირიკა
და ამ ორ ტირიფს შორის
გაკიდულ ჰამაკს ვუმზერთ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი