წვიმის ამბები


წვიმს. დღეს ეს წვიმა უფრო მეტია,
ვიდრე მანძილი ჩემს და შენს შორის,
წვიმს. რა გაუძლებს ამ სველ ხეტიალს,
ასეთ ქროლვაში, ამინდში ასეთ
და ბაგეები როგორც სენსორი
კრთებიან წვიმის წვეთების ხმაზე...

იცი, სიზმრებშიც ვერ მოვიცილე
თეატრი, ჩვენი გრძნობების ბუდე,
როგორ ვტოვებდით სიცილ-სიცილით
ჰოლში - ტკივილებს, ქოლგებს და ქუდებს.

წვიმს. დღეს ეს წვიმა უფრო ვრცელია.
სრულდება მთვარე _ ლექსების ლოგო...
ქუჩას შენსავით ლამაზყელიანს
ევსება ბროლი, ხოლო მე ვუცქერ
ახალშობილი წვიმები როგორ -
ტოვებენ ღრუბლის დაბერილ მუცლებს...

შენ ამბობ - რამე მითხარი. მოდი.
წვიმს. მილიარდი პატარა წვეთი.
შემდეგ ფიქრები ეძებენ მოტივს
და მთელს სხეულში შემოდის ვნება..
მე კი რა გითხრა იმაზე მეტი,
რასაც ეს წვიმა ამბობს და ყვება?...

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი