შენი ნეგატივი ზეციდან


იცი, ხშირად მიფიქრია:
რა მოხდება
ერთ საღამოსაც
ზღვაზე რომ ერთად წავიდეთ, 
მე დავჯდე შენს წინ, 
ზღვას ზურგი შევაქციო,
შენ უცქერდე ჰორიზონტს
და მზის ჩასვლას მაგ თვალებში ველოდებოდე?
მე მიფიქრია...
.
შენი წუთები სხვების წლებზე ბევრად ძვირი ღირს,
გადაშლილია ხომალდების ვრცელი ტაიგა,
მე კი სათქმელი შემრჩენია ისე ირიბი,
ლექსის გარეშე რთულია რომ რამე გაიგო.

ბინდდება, ქრება დროებითი ხაზი, ბილიკი, 
ამღვრეულ ღელვას ჰორიზონტზე მიაქვს ნავები,
მზის ჩასვლის შემდეგ შენი მზერაც ისე თბილია,
ზღვაში კი არა მაგ თვალებში ვიბანავებდი.

სხეულშიც მეტი სიცხეა და მეტი ზეიმი,
ვიდრე ნაპირზე, ვიდრე ადრე, ვიდრე - ვიდრემდი
და როგორც ზღვაში მოტივტივე მეთევზეები
ითმენენ ლოდინს, გეფიცები ისე გითმენდი.

ვიცვლიდი ნიღბებს, იღვრებოდა ტალღის არია,
(თითო ნიღაბი გწამდეს ყველას გამოუჩარხავს)
მაგრამ მე ბედმა დამარწმუნა - უფრო მწარეა
ნიღბების მიღმა რომ გიყვარს და... რომ არ უყვარხარ!

იქნებ აღარ ღირს სიყვარულზე თავის შეწირვა?!
ქარს ვატან სიტყვებს ამიტომაც ქარის დინებით,
წუხელ გფიქრობდი და იმდენ ხანს არ ჩამეძინა
შენ რომ გცოდნოდა  ალბათ არც შენ ჩაიძინებდი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი