ბ რ მ ა


I

ეძინა მუდამ გახელილი თვალებით, დილას
მზის ამოსვლამდე ნამძინარევ თვალებს ხუჭავდა,
გამოდიოდა საშოვარზე იმდენად ფრთხილად -
ვერც კი ამჩნევდნენ, დაჯდებოდა ერთ-ერთ ქუჩასთან

და ასე იჯდა საღამომდე, ადამიანებს
სცნობდა თითებით, სცნობდა სუნით, სცნობდა ნაბიჯით.

ოცდაშვიდი წლის ქალი იყო, უარაფერო,
გადმოვარდნილი მიტოვებულ სულის ჩეროდან,
ჰქონდა ოცნება და მასავით ერთი ბრმა ბიჭის
დაფიცებული სიყვარულის ცამდე სჯეროდა.

ანუ უყვარდათ ერთმანეთი მთელი სიწრფელით,
დრო გადიოდა და ცხოვრობდნენ თავისებურად...


II

ყველას ხომ მისი წილი მიაქვს ბედნიერების
და ციდან მუდამ ჭეშმარიტი თოვლი არ ბარდნის,
ასე ერთ დღესაც ქალის ზეცა ნისლმა შებურა,
ხოლო ქალაქმა გამოკვეთა ერთი შაბათი.
.
ისევ იმ ქუჩის, იმ კუთხეში, გავიდა იგი
და ყური მოჰკრა შუადღისას შემდეგ საუბარს :

"არც მან სცოდა და არც მშობლებმა, არამედ რათა
უფლის საქმენი განცხადდნენო" - იყო ამის თქმა -
როდესაც ქრისტემ მოზელილი ტალახი აცხო
იმ ბრმა ბიჭს, ხოლო როცა ხელით სოლოამისმა

სახე ფრთხილად და ერთიანად ჩამოიბანა,
მთელი ქალაქი უყურებდა თვალებახელილს...

III

ქალი კი დარჩა ცამდე მარტო!... და ნაღვლიანი
თითქმის ყოველდღე უსმენდა თუ როგორ ყვებოდა
სოლოამისი უფალზე და ბრმა ქალის სულში -
ბიჭი რატომღაც უკვე აღარ იცქირებოდა.

IV

ქალიც სახლიდან იმ დღის შემდეგ არ გამოსულა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი