დამწყები გიჟის მონოლოგი


ამინდმა ბათუმს ცისარტყელა ყელზე მოაბა
და ალიონზე ჩამოახრჩო წვიმის ქალაქი...
თითქოს ეს დილა იფართოვებს დროის ბალაგანს,
დრო კი მეფისთვის თითქოს მწიფე ბაო ბაბია,
რომელიც მალე გახმება და თუ კი ალაგმავს
მთვარე იმ განცდას რომ უფალი არ ჩანს მთვარიდან,
მაშინ მითხარი ან შენ, ანდაც მითხრას ქალაქმა,
ჩვენ კარადაში დაკიდული ფრთები რად გვინდა?
ან მეათ... ა.შ ეს სტრიქონი, ჩემი ლექსები,
თვითმფრინავები, რომ ქრებიან და მე მაგონებს
დალტონიკების ცისარტყელას მათი კვამლი და...
შენ მეკითხები - ასე ძლიერ რითი ვიღლები
და ვერ ხვდები - რომ ასეთებზე ფიქრიც დამღლიდა,
რომ არაფერი, რომ უსაქმოდ, მარტო სულ ეს და
საკუთარ სულზე ფეხშიშველი დავალაჯებდი,
მინდა მოგიყვე უჩვეულო ჩემთვის პათოსით,
თუ როგორ მინდა გადავუჭრა ღამეს მაჯები
და დედამიწა დაიცალოს ჩვენი ქუჩიდან
სისხლით. ამინდით. მერამდენედ ადამიანო?
ვიცი რომ ფიქრობ საკუთარ თავს უფრო ვურჩი და
ფიქრობ რომ არ ვარ სათანადოდ ალბათ ჭკვიანი.
არადა მალე ესეც აღარ მემახსოვრება,
რომ ჩამოვწერე როგორც ლექსი, როგორც დავთარი
რადგან დავთვერი, დავწვები და ვიცი დამხვდება,
ჩვენი საწოლი შენი წილი სუნთქვით გამთბარი...
.
მაგრამ ვიღვიძებ და ცას ისევ წვიმის ფონი აქვს,
თითქოს ამინდმა წაუკითხა ქარის - შიძინი,
ეს ამბები კი სასაცილო უფრო მგონია,
შენ რომ გიყვები იმნაირად მაღლა იცინი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი