სულის პაგინაცია


და ხდება ისეც - როცა ხდება სიზმრები, ისეც
ხდება რომ ხშირად სულ უბრალოდ დაწერო გინდა,
როცა გვალვისგან ატყავებეულ ქალაქის კისერს,
მალამოსავით მიეკვრება აგვისტოს ბინდი,
ისეც ხდება რომ მაშინ გცხელა და როცა გვალვა
არის, შენ მაშინ (პოეტი ხარ) ამიტომ გცივა,
გიწევს ხალხისგან, ქალაქისგან, ქუჩისგან მალვა,
შემოფარგლული იმ საათის, იმ წამის SV-ით,
ანუ მარტო ეს იწერება დავთარში - როინ
აბუსელიძე, ოცდაორი წლის... ჰოდა ვსიო,
გამთენიამდე დარჩენილა მცირედი დროის,
რომელსაც უნდა იმ კაცივით ყოველდღე სდიო,
შარშან სამსახურს რომ დაგპირდა და ისეც ხდება,
უბრალოდ წერო, ნატამალი მოიკლა დარდის
და უფრო მწარე ტკივილებით შეიგრძნო შვება,
იმ ტკივილების რაზეც წერა იმდენად არ ღირს,
რომ ისეც ხდება მეტაფორებს დასცინი ზოგჯერ,
ეხები ხელით დღის მანძილზე მილიონ საგანს
და ხვდები თავი საუბრებით იმდენჯერ მოგჭრეს,
გგონია მხრებში ჩამალული თავივით დაგაქვს -
ეპოქა, ხშირად ისეც ხდება ხანდახან ხვდები
ყველაფერს, კიდევ მეზობლის ქალს (რა შუაშია)
ხელის აწევით ესალმები უამრავ დებილს
და ფიქრობ შემდეგ - ეს იმდენად იყოს საშიში
შეიძლება რომ - ისეც ხდება არ გინდა გასვლა
გარეთ და როცა მიტოვებულ სარკეში სტუმრობ,
საკუთარ სახეს, შემოგცქერის შენივე ასლი,
შენ რომ დაგცინის, როცა მხოლოდ სარკესთან ხუმრობ.
კითხულობ ლექსებს, სხვა ლექსებსაც კითხულობ შემდეგ,
ასრულებ ყველა დანაბარებ მამისგან თხოვნას,
როცა ხარხარებ გეფიქრება - ნეტავი დღემდე
როგორ შეძელი საკუთარი წარსულის პოვნა,
რითიც მოდიხარ, რითიც გიყვარს, არსებობ რითიც,
ღებულობ ყველა მაცოცხლებელ სულიერ სარჩოს,
საკუთარ ნერვებს შიგადაშიგ ეხები თითით,
რომელიც ძველი შიშებივით შეჭმული დაგრჩა.
და ისეც ხდება, რომ ანებებ უბრალოდ წერას
თავს, შემდეგ ზურგით მიეყრდნობი ჟანგიან ღობეს,
ეწევი, ზეცას უყურებ და იმდენად გჯერა,
რომ შეიძლება ყველაფერი თავიდან მოხდეს -
იბნევი, შენი საკუთარი სხეულის თიხას
თითქოს სულივით დასტრიალებ შემდეგ ზემოდან,
ასრულებ ლექსს და იმნაირი შეგრძნებით ზიხარ,
თითქოს სიზმარში სხვა სიზმარი გესიზმრებოდა!...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი