თვალსადახელშუა


თვალსადახელშუა გაიარა ასაკმა ესენინის,
შეძელი შვილთან ერთად ჩემში პოეტი რომ გეშვა,
ლექსი, სიყვარული, წუხილი, ოცნება - ესენი ნინ
ბავშვივით გაგვეზარდა ამ ბოლოს თვალსადახელშუა.

თვალსადახელშუა გაიარა ასაკმა ტიციანის,
რამდენჯერ ვუმეგობრე სურვილში დამარცხებულ ეშმას,
ცამდე რომ მიყვარხარ ლექსების გარეშეც იციან ნინ,
ხოლო შენ ლექსებით შეგიყვარდი თვალსადახელშუა.

თვალსადახელშუა გულს ვირგებ ამ ბოლოს ცხრასაკნიანს,
მე ლექსის გავლენის და ღმერთის გავლენის ქვეშ ვარ,
ახლა რომ შენ გიძღვნის სტრიქონებს ეს ჩემი ასაკია
და ასე მიფრინავს ეს ჩემი ასაკიც თვალსადახელშუა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი