შობა


ნინოს

იანვარს ექვსი რიცხვი მიკვნიტა
წამმა, წევხარ და გიცქერ სიცხიანს,
საკუთარ სიკვდილს ვიხდი შიგნიდან
და სულზე შენი სუნთქვა მიცხია.
სიცივეს ხშირი ხვნეშით აკავებ,
ვერ უმკლავდები ღამეს _ მიზანთროპს 
და ჩახუტებით გინდა კანკალი
ორგანიზმიდან გამოგიზამთრო...
მე კი ჩემში ვარ ისე ჯიუტად,
რომ შენს სიყვარულს ვატარებ დღემდე
და ვყლაპავ ცრემლებს როგორც იუდა,
იესო ქრისტეს გაყიდვის შემდეგ -
რადგან სხვაგვარად სამგლოვიარო,
ჩვენთვის ახალი წელი - იყო წელს,
ღიად ვიტოვებ გულის იარას,
შიგნით გაწვენ და მერე ვიხორცებ.
სულშიც მრავალი ბოღმა გავცერი,
როგორც წარსულის ზერელე ჭორი,
მიგნებასავით ვდგავარ დაწერილ
და არდაწერილ სტრიქონებს შორის.
სადაც მიყვარხარ ასე მარტივად,
ასე რთული და ასე მარტივი
და თოვლი ტირის როგორც სატირა
და მზეც ამოდის თითქოს სატირით -
ამ შობის დილით ნინო, იმდენად...
რომ გამთენიაც ისე მომწყინდა,
საკუთარ ლექსებს სულში მივდენი
და ამოხტომას ვცდილობ ხორციდან!...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი