ვსწავლობდი სიკვდილს


მე და შენ და...
სახლებთან ერთად ამოვედი,
სადღაც, ტყის პირას
და დიდხანს ვწერდი, წერა იყო
ბედის არჩივი
უბედობისას, სისხლგამშრალი,
გადამიბირეს,
სხეული სულზე მომიჭირეს
მძიმე ქანჩივით...
ვარ ამ ქალაქის ხავსიანი
ძველი კედლები,
რომლებსაც ჩუმად აშენებდნენ,
უხმო ღაღადით,
ვწერდი ზამთარს და გაზაფხულზე,
გამონედლებით,
ვსკდებოდი კვირტად, რომ გამეძლო
ბოლო ტალღამდე.
ტანზე, ტყისპირას, იებივით
ამომდიოდა
უდედო ცრემლი, გასათელი,
უსაყვედურო,
ვსწავლობდი სიკვდილს, წამითაც
თუ აღარ მტკიოდა
და ვიღიმები, სიცოცხლე,
რომ არ დამემდუროს...
ბუხარი მუნჯი და მაღალი
-- ყინვის ხაზამდე,
დილა -- ნაპირი, ღამიანი
უნაპიროდან,
ქარი? -- ო, ქარი სულ იყო
და სუნთქვად გავზარდე,
არ ვიმჩნევ წვიმას,
ვიცოდი, რომ ვიღაც ტიროდა...
ქუთუთოებზე დაწყობილი
ციდა ტომები,
ნაბახუსევზე, შიშით სავსე
კითხვა -- სადა ხარ..!
-- და საშინაო დავალებას,
ცით დატოვებულს,
ვერ ვწერ და ბავშვის
თვალებიდან ვიწერ ხანდახან...
და მკლავენ, რომ არც გამიხსენონ,
სიკვდილი -- ნორმა...
ვერ დავბერდები, მე, ბავშვობამ
გადამიბირა,
და რაც ვიცოდით მე და შენ და...
-- ვიცოდით ორმა,
სახლებთან ერთად ამოსულმა,
სადღაც, ტყის პირას...




წყარო: qartuliazri.reportiori.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი