სიჩუმე


მიყვარს სიჩუმე გარდასულ ჟამის,
დიდი,ყვითელი და სავსე მთვარის.
მრავალი დღე და მრავალი ღამე
მეცა ვყოფილვარ სიჩუმით მთვრალი.

სულს მინედლებს და მიაბრეშუმებს
და მიასკეცებს,რაც რომ მებადა,
ეკლესიათა,ქანდაკებათა
მრავლისმეტყველი დიდი სიჩუმე.


მინდა სიჩუმე,სიჩუმე სრული,
სიჩუმე არა მოშვერილ ლულის,
სიჩუმე,როგორც დიდი სიკეთე,
დიდი სიმშვიდე და სიმყუდროვე

სიჩუმე მინდა ნასურვილევი,
ბუდეში ბარტყს რომ საზრდოს უტოვებს;
სიჩუმე მინდა ნასურვილევი,
დიდი სიჩუმე - ფიქრის დობილი,

როცა ზღვისპირად ტანგახდილები
ვზივართ მე და მზე ზურგმიყრდნობილნი.
დედაბუნებავ,სიჩუმე მასვი
ლურჯ სიზმარივით დასაბურავი,

მეც ვიცი ჩუმი ღიმილის ფასი,
ჩუმი ცრემლების და სამდურავის.
...ვიღებ სიჩუმეს შენი თმებივით,
ვიჭერ სიჩუმეს მაგ თითებივით,

ეს სიჩუმეა რომ განებივრებს,
სიჩუმე არაჩვეულებრივი;
ზოგჯერ ხელიდან რომ მივარდება,
შენი სიჩუმე - თრთოლვა ცისკრისა

და რომ იმსხვრევა ზოგჯერ ტირილად
და რომ წკრიალებს ზოგჯერ კისკისად.
ო,ცაო,ცაო, ნუ დაიშურებ,
საზრდოდ მომეცი დიდი სიჩუმე-

სიჩუმე ჭვრეტის,ფიქრის,ამოხსნის,
სიჩუმე შექმნის და მოლოდინის,
მე,როგორც მიწა მწვანე სამოსით,
დიდი სიჩუმით ვარ გაფოთლილი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი