ზოგს დიდოსტატის მკლავი უკურთხეს..


ზოგს დიდოსტატის მკლავი უკურთხეს...
(როგორ არ არის გასაოცარი)
არ მოუჭრია ერთი ჩუქურთმა,
ისეა დიდი ხუროთმოძღვარი.

ღვთაებრივ ფრესკებს ეცემა ბინდი
და ვარდის ფასი ადევს სამყურას.
ბევრი კაი ყმის ნიჭსა და სინდისს
უჩინმაჩინის ქუდი ახურავს.

ნუთუ ღირსებად საღდება ნაკლი,
ნუთუ სიმართლე უკუღმა ესმით?
ყრმა ხევსურებმა ხარივით დაკლეს
ბებერი, მაგრამ გამზრდელი ლექსი.

რა მოხდა, ეჭვით რად დაინაღმა
სახელი მხატვრის, თანადროულის,
ბრძენს ურჩევნია ბრიყვის ნიღაბი,
მჭევრმეტყველს – მუნჯის,
მგოსანს კლოუნის.

გაუტანლობის, შურის ეროსი
ისევ და ისევ ამრავლებს ცოდვებს,
მაგრამ დალოცვილ საქართველოში
არ შეიძლება არ იყოს ცოტნეც.

საკითხავია რას ვეტყვით შორეთს,
ხვალინდელ მსაჯულს და ისტორიას?
სწორი პასუხი სადაა თორემ
კითხვა ისედაც ყველა სწორია.

განა ცოტაა სადიდებელი?
მაგრამ სიცრუე მეტია ასჯერ.
არც მსაჯული ვარ, არც ბრალმდებელი,
პირიქით, მგონი მე ვიხდი სასჯელს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი