მე მარტოობის კუნძულზე ვცხოვრობ..


მე მარტოობის კუნძულზე ვცხოვრობ:
წიგნის, ნახატის,სიჩუმის ტყეში,
დათვის თვალივით ბრიალა სორო
გალუმპულია ხილვების თქეშით.

აქ აღარ არი შური, სიავე
აქ, მარტოობის ოქროს ნაპირთა.
მე აქ დევები დავიქირავე,
აქ წამოვლალე ქართულ ზღაპრიდან.

დავიმტვერები სხვათა სიზმრებით,
სხვათა ვნებებით, ძიებით, ლტოლვით,
გარდავიქმნები და შევიცვლები
და გამგებელი გავხვდები ყოვლის.

დღეებს ვაღამებ...
ღამეებს ვათევ...
და შრიალებენ ფურცლის თაღები
ვეკამათები ავტორებს, სარდლებს,
ვეკამათები ან ვეთანხმები.

ვეზიარები მათ დიად მიზნებს,
მათი სწორი ვარ და თანატოლი
და ტრიუმფალურ ნადიმზე მიწვევს
რომის სასტიკი იმპერატორი.

ყოვლის შემძლე ვარ...დიდებას ვიმკი...
ყველაფერი ვარ, თუ ვარ მარტოკა;
................................................................
გადაშლილი აქვს მუხლებზე წიგნი
ჩემს მარტოობას –
                               კეთილ ჯადოქარს.

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

🙂

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი