ბიჭები


კაცობრიობა რომ არ დაბერდეს
სიბრძნით, ძიებით ან დადინჯებით,
ჩვენს სასახელოდ მამებთან ერთად
იბადებიან თურმე ბიჭებიც.
ბიჭები! ღმერთო, სულ მთლად ბავშვები!
როგორც ლეგენდებს გადმოუციათ.
ბავშვებო ცეცხლს ნუ ეთამაშებით,
ნურც ისტორიას!.. რევოლუციას!..
წადით, ბიჭებო, სახლებში წადით,
წიგნი იკითხეთ ან ითამაშეთ…
მაგრამ ბიჭები დროის წადილით
ისტორიისთვის წერენ განაჩენს.
მე მაიც მგოსნურ სიბრალურს ვიჩენ
და ჯადოსნური ხილვის წუთებით
ამ ლეგენდარულ, თავნება ბიჭებს
გზაზე ჯიუტად გადავუდგები.
აჯაგრულია პარიზი... სენა...
კვამლი და ცეცხლი ფერავს ტარასებს.
ვიღაც სკუპ_სკუპით და სტვენა_სტვენით
გადარბის მოკლულ გრენადერებზე
აჰა, ასკდება ჭურვი ბარიკატს,
ბიჭი ჩქარობს და აღარ შეიცდის
_მე გავროში ვარ!_
ხელი ამიკრა_
მე უნდა მოვკვდე საფრანგეთისთვის!

აგე, ნორჩ მხედარს, მგზავრობით დაღლილს,
სპარსეთს რომ ელის გზა დამღუპველი,
მამის და დედის ფიქრივით თალხი
ასდევნებია ნოსტეს ღრუბელი.
ბიჭს ცალი ხელით ვწვდები ქამარში
ცალი ხელითაც მხარზე შემოვწვდი:
მე პაატა ვარ... ვერ გადამარჩენ,
მე უნდა მოვკვდე საქართველოსთვის.

ვიღაცა ხოხვით თხრილს გადავიდა
გაუწვა ბლინჟანდს ვით გემის კიჩოს
თიანეთს ძეგლად გნახავთ კაპიტან,
ჩვენო ამაყო, ჭაღარა ბიჭო!

არა, ისინი არა კვდებიან...
არა კვდებიან... მათ მხოლოდ ჰკლავენ!
და ქვეყნად რაც კი იმედებია_
აუზიდია მათ ბავშურ მკლავებს.
ათასი დაფნა, წიგნი, მოლბერტი,
ვინც სინდისს თავი არ აარიდა!

_კაცობრიობა რომ არ დაბერდეს,
ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი