იმერული სატირალი


ტირიან დეპეშები,
მოთქვამენ დეპეშები,
თმა–წვერს იგლეჯენ და ლოყებს იხოკავენ
მოდიან ზუზუნით,
მორბიან კივილით სხვადასხვა კუთხიდან
სხვადასხვა კილოკავით,
ტირიან ასი წლის მინადორას –
მამიდას,
ბიცოლას,
დეიდას,
"აღმზრდელს და საყვარელს",
"ძვირფასს და დაუვიწყარს",
– დევიღუპეთ,
დავობლიდთ დღეიდან!
ბაზარია,
დოღია,
ცირკი თუ სტადიონი?
ერთ ეზოში დატეული მთელი რაიონი.
გადი–გამოდიან,
გადი–გამოდიან,
გარბი–გამორბიან ბებრუხანა მაშველები:
- ე, ბეჩა, რა შვრევი?!
ულვაშზე ხელს ისვამენ
იერემია წარბები
და ბუღის თვალებით
ფურირემს "არბევენ".
დაკრძალვაზე
მთელი საქართველო მიიწვიეს,
გენერალივით უჭირავს თავი
რაიონის ერთადერთ მილიციელს
ღელეს იღლიაში უღიტინებენ
ღობიდან გამომძვრალი ლერწები,
მოფილოსოფოსო იხვები კი
არსებობის არსს ფსკერზე ეძებენ!
აივსო შუკები ნეხვით და ფრუტუნით,
ქინქლასავით აბოლქვდა ჭორი და თუთუნი,
- ძალიან ლამაზად ქე ტირის მეგრელი რძალი...
- ბატონო ენას არა აქვს ძვალი...
სიტყვა და ტრაბახი ირევა ირგვლივ:
- ""ბასკები"...
"ფუნიკულიორი"...
"დოღი"...
"ცირკი"...
პაიჭაძე ნახევარზე ბალახვანშია გაზრდილი!
(დიიდუ! დიიდუ! – ტირილი მოისმის ოდიდან,
მეგრელი რძალი დედამთილს დასტირის,
კივილი თანდათან მოდიდდა).
- მაჩაბელი? მიშიკო? მოუსვი ბაყაყური!
       (დიიდუ!)
ცხონებულ პაჭუტიას ცხრაჯერ ყავს დანაყული,
       (დიიდუ! დიიდუ!)
შაოსანთა ერთი ჯგუფი
ტკარცალით დაეშვა მაღლობიდან.
სიმინდის ყანა გამოტოპა და
მდინარისპირ გამოვიდა.
ხელ–ფეხი დაიბანა,
საგარეოდ შეიმოსა,
(ნათხოვარი ჰქონდათ საგანგებოდ)
წინ თმაგაშლილი დედაბერი წაიმძღვარეს –
მოტირალი იყო სანაქებო
და როცა მოსახვევში გამოჩნდა მიცვალებულის კა–მიდამო –
თავში წაიშინეს ხელები –
"დიიდუ, დიიდუ, საყვარელო
                    მამიდაო"...
მუხის ქვეშ მაგიდას მისხდომიან
ყველაზე უფრო ღირსეულნი,
აგერ სამი დღეა მაგიდასთან
მილეთის ხალხია მისეული.
სიებს ადგენენ
და ჩემოდნენში ფულებს ალაგებენ დასტებად,
ვინ რამდენს შემოიტანს,
იმითი ფასდება!
- აშენდა ბარნაბა,
სიკვდილზე რავა ეთქმის სამდურავი!
- ბარე 700 თუმანი მაინც შემოუვა, გადასახურავი,
ბოლოს, როგორც იქნა, ეშველათ,
აირია მარაო და ყალიონი,
ათ რიგად ჩამწკრივებულ მაგიდებთან
მოკალათდა მთელი რაიონი,
თამადის მოადგილეებად დაინიშნა
საზოგადოების რჩეულები,
- რამდენი დაიბარაო, ცხონებულმა,  –
ვიღაცამ იანგლა ჩვეულებრივ.

ზოგი (ღმერთო შეგცოდე და...)
მოსულა უჭმელ–უსმელი;
მთელი დღის ნარბენი მეძებარივით
წელზე მიჰკრია მუცელი,
რიგგარეშე სვამენ,(გასაგებია!)
- თამადა შეკრულია მსაპინძელთან, –
- აბა ჰე, აბა ჰე, თვარა გაგვიგრძელდა!
აიშალნენ, კეთილად გაბადრნენ
აჟინჟღლებული სახეები,
ჭირისუფალთან მიდიან და...
"ბუნების წესიაო" – ამხნევებენ.
მერე თანდათან გაიპარნენ,
გადაჭრეს ყანა და სამარგელი,
სულ მალე ჭირისუფლის გარდა
არავინ დარჩა დამმარხველი.
ისევ მონაგარი დაფაცურდა –
შეგროვდა რამდენიმე მადლიანი...
საყდართან გაშხლართულ ფოსტალიონს
ძაღლები ლოკავდენ მადიანად.
დამარხეს ასი წლის მინადორა,
დამარხეს, მოიხადეს ვალი...
მბრძანებელივით მობრუნდა ოჯახში
გოროზი რძალი...
ჭრაქები აანთეს და
შინარებს პალატაში გაუშალეს ჭირის სუფრა,
კვაჭი მოყვრები ტრიალებენ,
ვახშამს აძალებენ ჭირისუფალს,
ასხამენ ღვინოს და ყაყანებენ.
მეასედ ადიდებენ მინადორას,
- ე, კაცო, ნუღა სვამ, სრცხვილია...
- იმან გაგვზარდა და გვიპატრონა...
- მაცალე ერთწამა, თუ ქალი ხარ... –
გაჯიქდა მინადორას მაქებარი –
ღმერთმა მე და შენ გაგვაძლებინოსო
იმ კუდიანის ნახევარი.

*

ხითხითებს დოქი...
ტკარცალებს სურა...
გარეთ კი ბუდემოშლილი ჩიტივით
წრიალებს საწყალი მინადორას სული...

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი