მე და შენ


მე ასე მგონია, ლერწამი ვიყავი,
ვამბობდი სიმღერებს, ცის მადლით ცხებულს,
მე ვიყავ ლერწამი, შენ კიდევ ნიავი
და თბილი ღუღუნით მივსებდი სხეულს.

და როცა ჟამთასვლამ ცვლილება გვარგუნა
და მიწად ვიქეცით როცა,
მე ვიყავ ბალახი - შენ ჩემი შხაპუნა,
ცრემლებით, სიცილით გიყვარდა მოსვლა.

მე ასე მგონია, ჩიტებიც ვიყავით
და გზებზე ვფანტავდით ბარტყებს და სიზმრებს.
ბევრჯერ გადავლახეთ სიკვდილის სიავე
და ჰა, ერთმანეთი მოვძებნეთ ისევ.

გიყურებ, გისმენ და მტეხს გულისფიცარი,
რაღაც მაგონდება, ვით შორი სიზმარი -

თითქოსდა ხილვებით ნათდება უკუნი,
ირღვევა ჟამი და ერთმანეთს ერწყმის:
წვიმების შხაპუნი, ჩიტების ჟღურტული,
ჩურჩული ქარის და ღუღუნი ლერწმის...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

🥹🫣🧚🏻

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი