მედეა კახიძეს


არ გეგონოს მოჭორილი
ანდა სიტყვის თამაში:
შენი ლექსის ჩოჩორივით
მობაკუნდა ქალაქში;
მოიტანა იის სუნი და ორღობის სურნელი,
ცეტი იყო, ბრიყვი იყო და საყვარლად სულელი.
ქალაქი არ ეპიტნავა თავის ადათ–წესებით,
სულ წიოკით დაიფრინა აქაური ლექსები.
ზოგმა სიტყვაც შევაწიეთ წრფელი, არალიტონი,
მივედით და ბალახივით გავუწოდეთ სტრიქონი.
მერე კუდიც დავუბწენით, წინ გავიგდეთ სახრეთი
და ბიბლია ვენახისა–წავიკითხეთ კახეთი.

ასე შემრჩა მოგონება წლებით გადანაფარჩი,
შენ კი დევმა მოგიტაცა, დაგამწყვდია ზღაპარში.
მოდი, ხშირად მინახულე, რამე არ ინაკლისო,
შე ალაზნის ამორძალო, დევის დიასახლისო.
რა თქმა უნდა, ლექსის ქერად ისე აღარ გცალია,
მაგრამ შენი ორი ნუკრი–ორი ოქროს ბწკარია.
გეხვევიან,
შეგღნავიან,
საბუსკნაოდ გიხმობენ...
ხელისგულზე გილოკავენ მარილიან სტრიქონებს...

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი