მისტიკური წუთი
შენ დამიძახე ერთხელ სახელი და, როგორც ვაზი აეკრას ჭიგოს, სვეტს ავეკარი და ვცახცახებდი: "ეს ერთხელ მოხდა...ეს ერთხელ იყო" ასეა ზოგჯერ ჭირში თუ ლხინში, ვმხიარულობ და სამძიმარს ვიყოფ, უეცრად ისევ ამიტანს შიში: "ეს ერთხელ მოხდა...ეს უკვე იყო"... გავივლი ზოგჯერ უცხო სანახებს მებორნისა თუ მეტყევის ქოხთან– ნეტარებით და შიშით ვცახცახებ: "ეს ერთხელ იყო...ეს ერთხელ მოხდა"– და იმ ერთადერთ საშინელ კითხვას გავურბი, როგორც ცალთვალა ციკლოპს,– სხვა ცხოვრებაში თუ კიდე ვიტყვით: "ეს ერთხელ მოხდა...ეს ერთხელ იყო"?...
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი