0 2478

ნაფეხურები


ვიღაც წაიქცა ქუჩაში...თოვლში...

ამდენ ურჯულო მანქანებს შორის,
დაგვიანებით და სინანულით,
ერთი მანქანაც მოვარდა შორით
ღვთისნიერი და ქრისტიანული.
შესქელდა თოვა თეთრ ხალათებით,
მიწყდა ჩოჩქოლიც...და პირველ ყოვლის
ეს მორიალე თეთრი ლანდები
მომაკვდავს სახეს უზელდნენ თოვლით.
თვითონ ზამთარიც ბებრულ ნაოჭებს
ისრესდა თოვლით და მზის არილით,
წუთით მანქანის ქიმზეც ჩამოჯდა
თეთრხალათიან სანიტარივით.
ფარულ სერობას ჰგავდა სურათი,
იმედიც, თოვლიც თოვდა რიტმულად,
თითქოს ქურუმნი აღასრულებდნენ
ღვთისმსახურების წმინდა რიტუალს.
მათი სიკეთე დიდია ყოვლად,
მათ სადიდებლად მეც გუნდრუკს ვაკმევ,
ნეტავი, ღმერტო სნეულთა მოვლა
იყოს მხოლოდღა წმინდანთა საქმე.
ბოლოს მანქანამ გზა გადატოპა,
გადაიკარგა ჯვაროსანივით,
ქალაქის ბოლოს საავადმყოფო
ელოდა, როგორც იერუსალიმი.
ქალაქში მაინც დავარდა ჭორი–
თითქოსდა თოვლზე აქა–იქ ლანდად,
კაცთა უამრავ ნატერფალს შორის
წაშლილი კვალი ჩლიქისაც ჩანდა...
კომენტარები (0)