სააკაძის სამი ცხენი


–ვის ცხენზე ვის თეთრონზე, გიორგი, გიორგი!
–წმინდა გიორგიმ მიწყალობა, თეთრმა გიორგიმ

–ეგ ხორასნული ხმალია თუ ელვა მეხია?
–წმინდა გიორგიმ მისაჩუქა, დიდმა სეხნიამ.
მელის მარაბდა, ტაშისკარი, მელის მარტყოფი,
სიმწარევ, ბოღმავ, მძულბარებავ, დღემდე ბარტყობდი.

...ცხენი ჭიხვინით, სისხლით გავრუმბე,
თათრის სულები მოვაძოვინე,
თათრის კნიაზი ავკიდე ღრუბლებს
და შაჰს ირანში მოვაწოვინე...
...............................................................

გზაჯვარედინად გაიკლაკნა ბედი როკაპი
და მოგაწივლა, მოგასივლა გველის ორკაპი.

–ვისი ცხენია ეგ ფეხკავშა, ვისი გიორგი?
–მაღალი ხონთქრის ფეშქაშია...ვაი გიორგის!
–შვილო, პირსახე დამიკენჭა შიშმა და ეჭვმა,
ე მანდ მხრებს უკან ვინ გიდგანან?
–ღმერთი და ეშმა!
–ნუთუ მტერს უნდა ემსახურო მოყვრის მაგიერ?
თათარი უნდა გაალაღო მოთხრიდ მაგიერ?
და ჩალმა უნდა დაიხურო ნაბდის მაგიერ?
ბაიათს უნდა ანაცვლო  „მრავალჟამიერ?“

–საით იჩქარი, ახლა საით, საით გიორგი?

ფერი არ მომწონს არც შენი და შენი იორღის!
იქ ბაზალეთი ღვთისმშობელის ცრემლივით ბზინავს...
იქ დგანან ძმები ქართველები...
–აღმიდგეს ვინა!...
–ვისზე აღმართე ეგ მარჯვენა...(ავაჰმე, ვაი)
ფრესკა–ხატებზე მოფუქრულა დიდი სეხნია,–
ხმალიმც ვადაში გადაგტეხია!...
..........................................................................
კასპშ კი ძეგლი–უკუღმართი დროის დიდება
ვეებერთელა (არა მახვილს) ჯვარს ეზიდება.
ელვა, გრიგალი–დაკუნთული ჯგრო მუხის რკოთა
ცდილობს ამოხტეს ბრინჯაოდან, მედიდან, დროიდან.
და, თუმცა რიხი შეჰკორძვია ტანს ქვითკირივით,
ლომის ბუხუნში ჩუმად ისმის კაცის ტირილიც...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი