ქართული ზღაპარი


იქ, რიონზე ბონდის ხიდი ქანაობდა…
გავდიოდი გაღმა, ხარეს
და ჯადოსნურ ლერწამს ვთლიდი.
თურმე ბეწვის ხიდი იყო,
მე მეგონა ბონდის ხიდი
ვიღაც ქალი ბჟოლას სხეპდა
და ვაზს უმაგრებდა ჭიგოს,
მე მეგონა გლეხის ქალი,
თურმე ღვთისმშობელი იყო…
ვიღაც შუბლზე ხარს კოცნიდა
და მთესვარად ხნულს მისდევდა,
თურმე ქრისტე-ღმერთი იყო,
მე მეგონა გუთნის დედა.
იქ ერთ ბიჭთან ვჭიდაობდი,
ხათრს არ მიტეხავდა ისიც..
თურმე ამირანი იყო,
ძმა ბადრის და უსუპისი.
ერთი გოგო მომეწონა – ი
რმის ჯოგს წველიდა მთაში,
თუ ქალღმერთი დალი იყო,
ბრიყვმა რა ვიცოდი მაშინ.
კოლხის ქალი მყავდა ძიძად
– ამორძალი ენამწარე,
ნიშა ხარის სიყვარულიც
იმ მხარეში შემასწავლეს.
დედაჩიტი ბარტყებისთვის
ღმერთს უნთებდა თაფლის სანთლებს.
ჩიტის ლოცვას ყურს ვუგდებდი
და იმ მადლით გავიზარდე.
გზაზე ბერი გადამიდგა…
შემომცინა “ გიხაროდენ “.
- წადი, შვილო, და რაც ნახე,
ქართული ხმით იგალობე.
* * * * * *
- ჩიტო, ჩიტო, ოქროს ჩიტო,
ბავშვობისკენ ფრინდი, ფრინდი,
ბონდის ხიდი მაპოვნინე,
ზღაპრის ხიდი… ოქროს ხიდი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი