ნიღბები
რომ არ გამთვალოს კაცთა სიხარბემ და მარტივ კაცად რომ არ ჩამთვალონ- სახეს ვიფარავ ჭრელი ნიღბებით, როგორც კლდეს ფარავს სურო-ფათალო. ღარიბი კაცის ნიღაბს ვიკეთებ, არც ძუნწი კაცის ვთაკილობ ნიღაბს, რათა სიძუნწე ანდა სიკეთე ვიხილო სხვათა თამაშის მიღმაც. უხათრო კაცი ვარ იძულებით, რომ გამოვცადო სხვაც ჩემი მსგავსი, მეგობრის ღალატს თუ ერთგულებას რომ უფრო მეტად გავუგო ფასი. ხანაც მხდალი ვარ,ხან მიამიტი, უბირი,ვინმე გამოუცდელი, ასე ვგებულობ: - ზოგი რაინდი რა რაინდია და რა სულგრძელი. ხდება: არჯალ კაცს ვთამაშობ ბრბოში, ვიცი,ასეა ზოგჯერ საჭირო, რომ იქნებ სულში უმწეო ბავშვი, კეთილი ბავშვი გადავარჩინო. შენთანაც ვჩხუბობ,გებუზღუნები, სული ტკივილით რომ უფრო ვგვემო, მაგ დიდ სიყვარულს და ერთგულებას რომ უფრო მეტად გავუგო გემო. ვინც ანაწილებს კაცთათვის როლებს, ვინც რჩეულთათვის ამზადებს ნიღბებს, ჩემი მფარველიც ის არის სწორედ და ის მიზოგავს სიმაღლეს,სიღრმეს. ამ წყეულ ნიღბებს იმიტომ ვიცვლი, რომ ჩემი სახე შევინარჩუნო, ცხოვრებას კიდევ გავუძლო ვინძლო, ვიცხოვრო,ვწერო და ვიფაჩუნო. და როცა დღიურ ფუსფუსის მიღმა ღამე საკუთარ სულს ჩამახუტებს,- მე გადავხედავ ჩამოხსნილ ნიღბებს, როგორც ნაომარ რკინის ჩაფხუტებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი