ჰაბო ანუ ფერფლის ლეგენდა
უკან დარჩა უდაბნო... და ბაღები ფშატის, ლომთა კმინვა...თუთიყუშთა კვიწინი... ბრუნდებოდა ნერსე ნაჩუქარი ფაშატით, უკან ბიჭი მოსდევდა არაბული კვიცივით. –რატომ მოსდევ, ბიჭო, მაგ ურჯულო გიაურს, გაანებე თავი, ჯანდაბის გზით იაროს! საით მისდევ, უგუნურო, სად სიკვდილში მისდევ, რად არჩიე მაჰმადს წამებული ქრისტე. რად არჩიე უზარმაზარ გამარჯვებულ ხალიფატს ერთი მუჭა მიწა დამარცხებულ ხალიბთა. საით, ცოდვის შვილო, შეჩერდი!...შეჩერდი!... მაჰმადის მახვილივით ლაპლაპებდა მეჩეთი... II ფერფლი ესხა, ჭვარტლი ესხა გადათქერილ ხარდანს და მზეს ჰგავდა ცხენის ფლოქვით ახრჩოლებულ ღადარს. არსად ჩიტი...არც პეპელა... მხოლოდ კანტიკუნტად ყვავი გადიყრანტალებდა, როგორც ჭვარტლის გუნდა. ცხენის ფლოქვით დადაღული მტევანი თუ ფერფლი კბილებს კრეჭდა, ქირქილებდა, ვით სიკვდილის ღერბი. ეს ღერბები მწუხარების არაბესკად ესხა ქართულ ციხე–ეკლესიას, სიმღერას თუ ფრესკას. III რაც არუნდა დიდი იყოს საქართველოს მსხვერპლი, სიყრუე და გულქვაობა გადამთიელ ხეპრის,– იმ ფერფლს, შავ ფერფლს, სიძულვილის აუწონელ ზღვა ფერფლს აბოს ფერფლი გადასწონის, ერთი მუჭა ფერფლი... 3 ..."შენ ლულაში უნდა იწვე" შენ ლულაში უნდა იწვე ან ბულბულის ყელში, რაკი ხსოვნას სროლასავით და ჰანგივით შერჩი... დამცინავი ეგ ღიმილი სიკვდილშიაც გშვენის, სიკვდილშიაც არ იქნება მორჯულება შენი... ოი, როგორ ვამაყობდი უღირსთან თუ ტოლთან, შენ რომ ბევრი ვერ გიტანდა, შენ რომ ბევრი გმტრობდა ჰაუ, რამდენს ყვარებიხარ...თავს რამდენი გადგას, ეს რამდენი ჭირისუფლობს–მეგობრების გარდა. ახლა მტრების მოყვრებივით გულმოკლული დგანან... ნანა, ნანა, მაფშალია...დიდა ვოი, ნანა... 4 ..."ვინც ძლიერ მიყვარს" ვინც ძლიერ მიყვარს, რად მეჩვენება, რომ რაღაც მოსდის... და პირველ ყოვლის ეს კოშმარული წარმოდგენები რატომ მავსებენ შიშით და ძრწოლით? ღმერთს რატომ შევთხოვ მორწმუნესავით: "ღმერთო, მაშორე, შიში მგესლავი. იყავ მფარველი მრავალჟამიერ ჩემი პატარა ჭერის და ფუძის, თუ საჭიროა, იმათ მაგიერ მე გამიმეტე ყველაზე უწინ." ერთხელაც შემშლის ეს სიყვარული და წინათგრძნობა თუ მართლა ახდა,– კისერზე მძიმე ჯაჭვის ჯღარუნით სადმე ქურდულად ვეწვევი საყდარს. ვიცი, მძიმეა ეს გულწრფელობა, და აღსარება სიკვდილად მიღირს, ნუთუ მაკლია სულის ქველობა– ეს ვაჟკაცური სიმხნე და რიხი?
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი