შიში
და... გაჩნდა შიში, როცა გაჩნდა ადამ და ევა... ვიდოდა შიში დინოზავრად, ვიდოდა დევად. კლდეზე ამოსჭრა წინაპარმა შიშიც და ეჭვიც. შიშს მისცა ლომის ფაფარი და მამონტის ეშვი, ხოცა ლომები, ამოსწყვიტა მარტორქის ჯიში, მაგრამ ვერ იქნა და ვერ მოჰკლა ეჭვი და შიში. და პირველყოფილ მონადირის ლოცვას თუ როკვას ეჭვი და შიში ფეხდაფეხ მოჰყვა. შიში გარდიქმნა მერე კერპად, ხატად და ფრესკად და შიშისზარი სამრეკლოებს ყვავებად ესხა. შიში მოჰქროდა, მოწუოდა მონღოლის ისრად და ფრინვლის დარად ბურტყლს აცლიდა ლტოლვილთა სიზმარს. და მოდის, მოდის, მოდის შიში, მოდის და მოდის: ნაცარი... ფერფლი... ყვავის ჩრდილი... სამარის ლოდი... და რომ გრუხუნებს და რახრახებს ტანკის მუხლუხო – ეს შიშნაჭამი მიწა ლუღლუღობს. და მოდის შიში, მოდის შიში და იჩეკება ურიცხვ ხიშტებად... ჩაჩქანებად... ურიცხვ ჩექმებად... მთელი ბუნება ბრძლის ველია, ასპარეზია სხვადასხვა ჯიშთა, ყოველ ნაბიჯზე სიკვდილი და განსაცდელია, ყოველ ნაბიჯზე საქმე გვაქვს შიშთან, აქაც და იქაც – უმარტივესი უჯრედია თუ გალაქტიკა... ეს ხვიარები, ბუტკოს მტვერი, ხავსი და ქინქლა მიხსნიან სიკვდილ–სიცოცხლის იგავს, სიკვდილ–სიცოცხლის განტოლებებს, ეპიტაფიებს, ერთმანეთი რომ შემუსვრისგან ვერ იპატიეს. შიში ნიჭია და თავდაცვის იარაღია, შიშს ეფუძნება არსთა მთელი იერარქია. შიშმა წარმოშვა ლომის ტორი, ორბის ნისკარტი, გამბედაობა, მოხერხება, ფრთონა, სისხარტე. არწივისა და ვეფხვის კლანჭი შექმნა მარწუხად, შეშინებულებს შიშზე შიშით რომ ეპასუხათ. ფრინველების და ცხოველების ყოველი ჯიში შემოსილია არა ბალნით – არამედ შიშით! ადამიანებს შიშმა მისცა ჭკუა–გონება, ადამიანიც შიშს ამიტომ არ ემონება. ყოველ უკვდავ ფუნჯს შიში ეცხო უჩინარ ფერად, შიში მოხატავს პეპლის კაბას და გველის პერანგს. – ყლორტი რა არის? – სიკვდილის შიში. ჟამმა აოტა მწვანე ბალახქვეშ არქივები სასაფლაოთა... ნაპოლეონის თავისქალიდან ამოდიან და განაგრძნობენ დამპყრობლურ ომებს მისი აზრები – შუბოსანი ჭიანჭველები. ერთ ბელტზე მთელმა ვატერლოომ მოიკალათა, ნაბიჯს არ თმობენ... ფუთფუთებს ჟამი საშინელების. აი ობობაც საფარშია, თავის მსხვერპლს უცდის, თევზთა ქარავნებს ნთქავს ვეშაპი ვეებერთელა და ყვავილიც რომ ყვავილია, ნაზი და სუსტი, ისიც კი, ისიც დასაღუპად უხმობს პეპელას. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ასე გვაოტებს ჟამი ულმობლად, ვცხოვრობთ იმედით და შიშით ვცხოვრობთ, რადგანაც ჯამი განზიდულობის მიზიდულობის ჯამია მხოლოდ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი