მხატვრის სახელოსნოში


ფუნჯები ჰგვანან მამლის ბოლოებს,
ტუბები თითქოს მუხლუხებია,
აგერ დაისი, დაჭრილ ჩიტივით,
მდინარის პირად ეცემა ლელში
და შემოდიან ოთახში გზები
და კაცებივით ეფიცხებიან
კოცონებივით დახატულ ზვინებს.
კედლებს ჰკიდია იდუმალ რუკად
ვნებები, გზები და ნაფიქრალი.
ჰგავს მხატვრის სული გიგანტურ ფოთოლს,
სადღაც კუთხეში ზის ფერთა დედა,
სული გრძნეული და უსხეულო,
თვითონ ხედვაა და არა თვალი,
თვითონ სმენაა და არა ყური,
თვითონ ფერია უსაღებავო,
ვერ ახსნი, მაგრამ ახსნაა თვითონ.
ფერი აზროვნებს და ფერი ფიქრობს,
ფერი იცინის და ფერი ტირის,
ფერი ხმაურობს ან არ ხმაუობს
და არის მხოლოდ სიჩუმის ფშვინვა.
დგას პირველშექმნის მრუმე ქაოსი,
მდუღარე, მღვრიე, აბოლქვებული,
და ახლა ვხვდები, ყოველ შედევრში
ბუნება ნახტომს როგორ აკეთებს.
ეს ოთახია სინათლის ჩონჩხი,
ფერთა ზღაპარი ან სიზმარეთი,
წყალქვეშა ქვეყნის იდუმალება,
სიჩუმის მთელი ფილოსოფია.
აქ ღვთაებრივი წუთი ეცემა,
როგორც ნაყოფი ცნობადის ხიდან,
აქ უსასრულო მარადისობა
შეიკუმშება წარმავალ წუთად
და მერე ფერში გაქნილი წუთი
მარადისობად გაფართოვდება.
აქ დროებითი მარადულს ერთვის,
და შემთხვევითი აუცილებელს.
აზრი და ხილვა დროს გადაასწრებს,
ვით სინამდვილეს შესაძლებლობა.
აზრის გაჩენა ჰგავს ვარსკვლავთცვენას...
და ეშურება სრულყოფილებას
შემოქმედების თრთოლვა-ფუსფუსი,
მარადისობის შეკუმშვა წუთად
და წუთის გაშლა მარადისობად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი