ჯარისკაცის დაბრუნება
დროს ისევ ვფურცლავ… ნასანგრლებს ფიქრით გავწვდები, გზებს სიკვდილისას მოვაბრუნებ სიცოცხლის გზებად. წამოდგებიან დამარხული ჯარისკაცები, შეუდგებიან მივიწყებულ სახლ-კარის ძებნას. ღობეს მოადგა საღამოზე მგზავრი გვიანი დაწნულის ჭიშკარს სიცილით აღებს, გახარებული და ცრემლიანი მხრებზე შეგვისვამს ფეხშიშველ ბალღებს. ნელდება შიშის ბავშური განცდა, მოსულს ვეჩვევით და ვერც ვეჩვევით, ის კი ცახცახით იჩოქებს ჭასთან და ჭის წყალს პირზე ისხამს პეშვებით. მოივლის ვენახს მოივლის ბოსტანს, სხვენზე დალანდავს ნაჭირნახულევს, “ თვიჩი… თვიჩიო… “ შედგება ხბოსთან და მერე ბეღელს მოინახულებს. II აქეთ, ეზოში, ოცნებაა დამკვიდრებული და ზმანებათა ფერთა თოვა შეუწყვეტელი… ჭიშკართან იცდის სინამდვილე წარბებ შეკრული, როგორც სასტიკი ზედამხედველი. “ ნახვის დრო მორჩა, ჯარისკაცო, აბა, წავიდეთ, გიცდიან ძმათა სასაფლაოზე “, ხელსა ჰკრავს ბიძას და წინ გაიგდებს, როგორც ბებერ ხარს გაიგდებენ სასაკლაოსკენ. მიდის და გზებზე მწუხარება წვება ჩრდილებად, მიდის და ფეხებს ვეღარ მიათრევს, და ბიძას ყელზე საბელივით წაეჭირება გზები, გავლილი ამ ჭიშკრიდან გერმანიამდე. მივდევთ ტირილით… ძვირფას სტუმარს ვეღარ ველევით, ცრემლიან თვალებს ვისრესთ მუჭებით, და პაწაწინა სუსტი ხელებით შინელის კალთებს ვებღაუჭებით… III ო, გზებო, გზებო, დაქსელილნო აბლაბუდებად, ო, არასდროს თქვენი მსხვერპლი არ დაბრუნდება ტყვიები ლულებს არასდროს უბრუნდებიან!.. ო, გზებო, ცაში ელვისტეხად ნუ აიჭრებით, ველზე სანგრევად ნუ გახოხდებით, არ წაიყვანოთ, არ დაკარგოთ ჩვენი ბიჭები, არ დაგვიქვრივოთ გოგონები ასე კოხტები… ტყვიები ლულებს არასოდეს უბრუნდებიან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი