მარადიული ცეცხლი


შავი ზღვისაკენ თუ აზოვისკენ,
სადაც მახვილით დგას ისტორია,
ბადალიონის მამაც კომისრებს
რა ფაცაფუცი, რა ჩოჩქოლი აქვთ!

სადაც მიწაა რკინად დამცნარი,
ერთად, მხარდამხარ სადაც იომეს,
ისევ აღვიძებს ფრონტის სარდალი
დამარხულ ქართულ ბატალიონებს.

რა ყიჟინაა და რა ხმებია, –
თუ იგონებენ სასახელო გზებს.
შეხეთ, ვიღაცას ეთხოვებიან,
გზას ულოცავენ საქართველოსკენ.

ძმებო, მამებო, არ დაგვიღონდეთ,
გული არავის დაგწყდეთ არასგზით,
ქერჩში დამარხულ ბატალიონებს
თუ დააკლდება ერთი ვაჟკაცი

თქვენი დიდება თუმცა ქერჩია,
წამოსვლა მაინც ყველას გერჩათ.
წამოხტებოდით ფიცხლად,
მაგ ფერფლით უფრო გაიზრდებოდა,
ცოტათი მაინც გაიზრდებოდა
ჩვენი პატარა მიწა.

ვალმოხდილები ხომ ხართ ისედაც,
გული არ დაგწყდეთ ბედის წინაშე,
თქვენი სახელით მხოლოდ ის ერთ
დაიმარხება ქართულ მიწაში.

ის ერთი ყველად გარდაიქმნება,
ის ერთი ყველას შეცვლის,
ის ერთი ყველას შვილი იქნება,
ყველას სამყოფი ცეცხლი.

მაშ, აბრიალდი დაფნის ტოტებად,
მარადიულო ცეცხლო,
სამშობლოსათვის ვინც კი მოკვდებით,
შენი მორინი გვეცხოს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი