დგას საქართველო სულ სხვა სიმაღლის..
I – რა მაყრიონი ან რა ჯარია? გრგვინავს ლაშქრული მთების მხლეჩელი. – ეს ჩრდილოსაკენ მიიჩქარიან თეთრჩოხიანი ქართლის ელჩები… გზა მშვიდობისა და გზა კეთილი, საქართველოს ხსნა ღმერთმა ინებოს, ჩემი ამაყი და გათელილი, ჩემი მამაცი ქვეყნის შვილებო, იქნებ შეჩერდეთ და დამტვერილი ჩოხები მაინც მოიშილიფოთ. ცოტანი დავრჩით… ტახტიც შეირყა… რა სული გიდგათ ყრმას თუ ბერიკაცს? ჰაი, დედასა, მაინც მღერიხართ! ისევ და ისევ ლაშქრულს მღერიხართ! II წინ მიუძღვება ერეკლეს ელჩებს ციური ხატი თვალდანამული, ყრმა მშვენიერი უჭირავს ხელში, პატარა, როგორც ჩვენი მამული. ,,დედაო ღვთისავ, შენ დაიფარე ჩემი ტანჯული და ფიცხი ერი, ამ უღრან მთებშიც ვერ დავიმალეთ და ყველგან, ყველგან მოგვიხტა მტერი. იხსენი ერი, რამეთუ რჯულით ჯვრისთვის მეომარ მრევლში ვერიეთ, პატარა ჯარით და დიდი გულით დაჭიდებული დიდ იმპერიებს. მოხედე ქართველთ – მგოსნად შობილებს, შენი ყრმასავით მიირქვი გულზე, ვაზი არყისხეს დაუძმობილე და საქართველო – უძლეველ რუსეთს… რომ მშვიდად იდგნენ ციხე-ტაძრები და მხვნელ-მთესველად ვიყო მოცლილი – ელვას დაჰკიდებს სამხრეთ საზღვრებთან რუსული ფარი ძლევამოსილი. იქნებ დარჩეს ჩემი ანბანი, ჩემი რწმენა და ცრემლით ნაბანი. ჩემი რიტმები – მწველი და ფიცხი ათას ომებში ტანჯვით შექმნილი, მცხეთაში მტკვრიდან ამოსულ კვიცის სველი ტანიდან გადმორეკილი. მცხეთის სერებო, მაჩუქეთ ბარემ ერთი მაგ თქვენი იათაგანი, ვეღარ ისივლებს ნამგალა მთვარე, ვეღარც ასკერის იატაგანი. ჩვენს ლამაზ შვილებს ამიერიდან მონად გაყიდვა არ ემუქრებათ, ჩვენი ხვიჩები ამიერიდან არ მოკვდებიან მამელუკებად. მორჩა… ირანმა ლომის ღრიალი კავკასიის მთებს ვერ გადაჰკიდა, შენ კი მშვიდად ხარ და უწინარეს გამოხსნილი ხარ ლომის ხახიდან. III ქართულო ღვინოვ, ღმერთი გიშველის, სალხინობელად ისევ ისმები, ისევ ჰყვავიან ვაზის ჯიშები – ქართული მიწის აფორიზმები. გადარჩენილი ათას განსაცდელს დგას საქართველო სულ სხვა სიმაღლის… ეს 1783 წელს ,,გარდაიწყვიდა გულმან ირაკლის – “.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი