ოსტატო, ბერო, მხედარო ..
ოსტატო, ბერო, მხედარო, როცა კი მტერი გეკვეთა – გაგიღეჭია სიკვდილი, შეგიმტვრევია ლეგენდა. რა გრჯიდა, შე ღვთისნიერო, ვითომ გზა გამიიოლე? ჩემს მაგივრადაც იმღერე… ჩემს მაგივრადაც იომე…. იომე ჩემი საომი, ჩემი სამღერი იმღერე, ჩემს მაგივრადაც მომკვდარხარ… ვერ მოსწრებიხარ სიბერეს. ვერ მოსწრებიხარ სიბერეს, როგორც ყანწს საალავერდეს, დავბერდები და ვაიმე: შენთვისაც უნდა დავბერდე. რა სული გელომებოდა ანდა რა გული გიცემდა, შენ ჩემთვის კვდებოდი, ხომ მოვკვდებოდი ისედაც. ვალად დამადე დიდგორი, ვალად დამადე მარაბდა, ფრესკები, ციხე-კოშკები, ვეფხვის და მოყმის ბალადა. ვალად დამადე სიცოცხლე, ვალად დამადე სიკვდილიც, შენთან, ჩემთან და ღმერთთანაც სამმაგად მიწევს ჭიდილი. უნდა ვიღვაწო, ვიჭვალო, მისხალს შევმატო მისხალი, ,,პირზე ოფლგადამდინარემ” გადავიხადო ღვთის ვალი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი