თემურ ლენგი
როგორც ცხენს ცეცე – მეც შემიჯდა დიდების ჟინი, ბედი გავღეჭე, როგორც ცხენმა ლაგამი რკინის. გზები და გზები მათრახივით ხელში ავკეცე და დავაფხრიწე გაჭენებულს ტრამალს უსიერს. ჟამიც, აზიაც შევიპყარი ურა კვიცივით, დავიურვე და ხერხემალიც გადავუმსხვრიე. დიახ, აზია მე გავხედნე ურა კვიცივით, პირიდან მისი ბეწვი მცვივა, როცა ვიცინი. ჩემი მზერისგან მზეც კიოდა ყალყზე შემდგარი და შიშვლდებოდა ჰორიზონტი გადასხეპილი; მეომრებს ტანზე აცვდებოდათ რკინის ბექთარი, ქალებს – კაბები და… დნებოდნენ გათლილ მსხლებივით. ხორცი სისხლიან-ორთქლიანი და უმი სულაც ლამის ნესტოებს გვიხეთქავდა მე და ჩემს ულაყს. სივრცე მოვწეწკე და გავწურე ჭუტა თვალებით. მე არ მოვმკვდარვარ ჩემი ერთხელ გარდაცვალებით. მე ვარ მახვილი ალაჰისა, ბედს არ ვემდური, მე – თემურ-ლენგი, კოჭლი თემური. მე არ მოვკვდები… მე სახელებს შევიცვლი მხოლოდ…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი