დიოსკურია


წყალქვეშა ზღაპარს ჟამი ლოკავს ქვამარილივით
და უცხო ხილვებს ლანდებივით გააქვთ ლივლილვი.
კუს ბაკნებია ახორხილი თუ ქვიტკირია,
ერთმანეთზე რომ ფიჭასავით ჩაუკირიათ?
ეს დაჟანგული ჯაჭვია თუ მზის ქერეჭია?
ზღვისქვეშ დამარხულს აღსასრული ცის ქვეშ ერჩია.
ბნელ ჯურღმულებში ოქროს თევზი გაიკომეტებს
და გაანათებს ქვირითივით დაყრილ მონეტებს.
ლაზის შუბივით წამახული ციხე წოწოლა
გაფოფრილია ბალახების ყვითელ კოცონად.
ქვიშად დაქნილა უამრავი ციხე-ტაძარი,
ტალღებისაგან ბღუჯა-ბღუჯა დანატაცარი.
აქა-იქ ფსკერი აღიგზნება და, როგორც ჟრჟოლა,
წყალქვეშა წიაღს ფოსფორული ციაგი ჟონავს.
ანათებს ელვა მარჯნის ტყეებს,ქედებს ცარცოვნებს, –
შენ,ზღვის ფსკერზედაც – სიკვდილშიაც, ვხედავ, აზროვნებ!
ფსკერზე მარხია საიდუმლოს ვერგამეტებით
ხბოს ტყავის მძიმე გრაგნილები, პერგამენტები…
ანძის ნატეხი, ხმლის ნატეხი, გუთნს ნახეტი
ყვირის: ადექი! ო, ადექი! გეყო, ადექი!
გაექეც სიკვდილს – ყრუ დედაბერს, კბილებმოცვეთილს,
გადაიხსენი, ამოდუღდი და ამოცენდი!
მითხარ, რა ვიყავ, რისი მომსწრე, რისი მიმგნები,
მერე მე გეტყვი, დღეს რა ვარ და ხვალ რა ვიქნები!
ჰაუ, ამოდის, ამოდის და ვეღარც ამოდის
ჩრდილი გუმბათის, კერპის ჩრდილი, ჩრდილი მამონტის,
ნახევრად ისე სიზმარ-ცხადი, ნახევრად მითი,
დიდი სიმღერა წარმართული, ტკივილი დიდი.
ეს დამარხული ჩვენი ტანი, ჩვნეი სულია, –
ამოდის ზღაპრულ ხომალდივით დიოსკურია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი