გახსენება
აი ვიხსენებ ჩვენს სტუდენტობას… კიბეზე შემხვდი, ფერი წამერთო, შენ ჯერ ვერ მამჩნევ და ამიტომაც ენაკვიმატი ვხდები საერთოდ. შენზე ვოცნებობ…, რას არ გპირდები, გეჩურჩულები, გეღიმილები, აფეთქებული ატმის კვირტები მგონია შენი კაბის ღილები. არ იცი გულმა როგორ გინდომა, შენს სუნთქვას, ძგერა როგორ აუბა… შენ თურმე მამჩნევ და ამიტომაც უფრო უმატებ სხვებთან საუბარს. II … აი, ხელიხელ ჩაკიდულები მივდივართ ძველის ძველი უბნებით. „იქეთ გავიდეთ, არ დაგვინახონ“, შენ ძველებურად არ მეუბნები. მეჩურჩულები, მებუტბუტები, თრთიან ბაგენი… თრთიან თითები… ხან უმიზეზოდ გამებუტები, ხან უმიზეზოდ შემირიგდები. III გოგონას რამე თუ წამოსტკივდა – სავსე ხარ შიშით და შეშფოთებით, ლანდივით ზიხარ ბავშვის ლოგინთან, ასე მგონია დარდით მოკვდები. ასე – ღელვისგან სუნთქვა შეკრული, ჩაეხუტები და ეფერები და მომსწრე ქვეყნად არ მეგულება, ამაზე დიდი ბედნიერების. IV როცა მარტო ვართ, რად ჭირვეულობ, მოფერებას და ალერსს ჩვეულო, ხან უმიზეზოდ შემომიჩნდები და საყვედურებს მიწყებ ისევე. თურმე გქონია რაღაც ეჭვები და ყველა წყენას ერთად მიხსენებ. ნუ ჩემო კარგო, ნუ გეწყინება, ნურც ნურასოდეს დამემდურები, თუ შენს ჩივილზე გამეცინება, თუ ღიმილს მგვრიან საყვედურები. ეს იმას ნიშნავს, მე შენ მიყვარხარ…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი