მონღოლები
ცხენის ძუაზე გამოაბეს მთელი აზია და ველურ სტვენით მიათრიეს ქვეყნის კიდემდე… მათ ნატერფალებს სიკვდილი და ყვავი ასხია… სამრეკლოებზე ზარებს ხსნიან, ჭიხვინს ჰკიდებენ, ნთქავენ და ნთქავენ ჰორიზონტებს ხარბი თვალებით. ყველა ჯურის ხე სისხლმა შელოპრა… და აიმ სკვითთა შელეწილ ფარებს შეძრწუნებული უმზერს ევროპა. მონღოლთა სისხლში მზე ჭიხვინებს უდაბნოების… მონღოლურ ყბებით იცოხნება ამაოება… ხელში ავიღებ მტევანივით გათქერილ თარიღს და ახლა ვხვდები: ამ დროს ქართლში მეცა ვარ მკვდარი! ღამით ავაზას თვალებივით ანათებს მღვიმე – გასუდრულია საქართველო მთას შეხიზნული, ბარში კი, ურდო გამაძღარი იცოხნის მძიმედ, გაბრუებული უმი ხორცის და ნეხვის სუნით. ხოცეს და ხოცეს ხოხბებივით ჩვენი ცისკრები… გადაიკარგნენ სიმღერები… დაფრთხნენ სიზმრები… მზე წესვენება ხმლის მაგიერ ქართულ ქარქაშში და უხმოდ ტირის ყრმა იესო დედის კალთაში… ამ წუთას, როცა იმ ნაფლოქვარ დრო-ჟამს ვიგონებ, მონღოლის ცხენი ლაგამივით ხრავს ჩემს სტრიქონებს, ტირის აჩეხილ ვენახივით „ქართლის ცხოვრება“ და სიზმრად ხედავს უთვალავ ვაზებს… ძლივს გამოვდივარ წარსულიდან და მოგონება ნაშუბარ ჯაჭვის პერანგივით მერღვევა ტანზე…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი