მამელუკები


ავიღებ მეგრულ შეცხადებას და ანძის ჭრიალს…
ბორკილის ჩხარუნს, ყრუ ბაიათს და ბაზრის ყაყანს…
ბოჩოლა ბიჭთან დავაყენებ საჭურისს ჩიას,
დავხატავ ოქროსბეჭდებიან ჩალმიან აღას;
ავიღებ ისარს, ცხენთა თქარუნს, ხმლების კაფიას
და ასე დავწერ მამელუკთა ბიოგრაფიას.
მათ ჯიშიანი ბედაურივით
გახედეს თვითონ არაბეთის მზე.
სიკვდილი იყო ბედაური დაუურველი,
ხიფათი იყო მარად ბედის მძლე.
ცხენზე შემჯდარი იმპერია ტორავს აზიას,
ჟამი ფლოქვებით იჯეკნება, ხმლით იკვებება,
დიდების დროშებს მამელუკთა სისხლი აცხია.
და მოხრჩოლავენ ყვავ-ყორნები და ლეგენდები…
აჰა, გრიგალი მოგელაობს ცხენზე შემჯდარი,
სამეფოები ეცემიან, უკან იხევენ…
შორს კი პატარა საქართველოს აკლია ჯარი
და მტერი არბევს ქართულ ციხეებს…
მათი ცხენების ძუა-ფაფარს, უნაგირს, აღვირს,
მათ ფიქრებს, ხსოვნას, მოგონებებს ცხენივით დაღლილთ,
ისე ეკიდათ „იავნანას“ ნაფლეთები, ცხელი სიზმრები,
როგორც ბრძოლიდან გამოსულებს ბღუჯა ისრების.
და მიჰქრის ჟამი სიკვდილივით დაუურველი,
ქვიშაში ჰყრია ლეგენდები და სულს ღაფავენ,
მზე კი ტორებს სცემს არაბული ბედაურივით
მამელუკების დაუტირალ უცხო საფლავებს… 

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი