იოანე ბერი


– იქაც ჩვენი ფესვებია,
ჩვენი მიწა, ჩვენი ცა და ბედი…
ბერს სიზმრები შესევია,
როგორც საყდარს ჭილყვავი და მტრედი
ელანდება იბერია,
ჩალის ფერი და ვენახის ფერი.
ერთ დროს ერთად გვიმღერია,
გვიტირია, გვიბრძოლია ბევრი…
ტანზე იცვამს საგალობლებს,
მიჩაქჩაქებს გულთმისანი ჯორით.
მეომარს და მახარობელს
სამოსის ქვეშ უჟღრიალებს თორი.
მიდის ბერი… მიდის… მიდის…
ქარიშხალი ზღვაზე აშლის ფაფარს,
ქრისტე ღმერთი პერანგს იხდის
და ანძაზე ჩამოკიდებს აფრად.
ლეგენდის და მზის ფერია
და ყურს უგდებს ქართულ ხმათა ზუზუნს
შორეული იბერია –
ამორძალის მოკვეთილი ძუძუ.
არ ბრუნდება წმიდა ბერი,
ვით ფუტკარი არ ბრუნდება სკაში…
იქნებ ღმერთმა, იბერიის მწყალობელმა,
ანგელოსად წაიყვანა ცაში?
შარავანდს ჰფენს დროს და მანძილს
ღვთის მონა და ქრისტეს ფერხთა მტვერი –
მაგელანის და კოლუმბის ტოლი კაცი
წმინდა მამა – იოანე ბერი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი