მე რა ვიცოდი თუ წინაპარი ..
მე რა ვიცოდი თუ წინაპარი მითვალთვალებდა სათოფურიდან, თუ ჩემს სტრიქონებს, როგორც ნაპრალებს, ჟინჟღილით ხელში ჩამოუვლიდა. თუ გადასწევდა ქორონიკონებს და ისკუპებდა ციხის გოდლიდან, ლექსს შეტეხავდა ნედლ-ნედლ სტრიქონებს და სალამურა-სტვირს გამოთლიდა. დრო და მანძილზე დგას ნათლის შუქად მხედარი, ბერი და კირითხურო; ფარს გამომიწვდის და როგორც რუქას, ქართლის ცხოვრებას ისე ვკითხულობ. ხოლო მემკვიდრე მჭვუნვარე მიმზერს და ჩაკირკიტებს სტრიქონის ჭრიჭინს. მისი მღიმარე სათვალის ქიმზე ათინათივით დახტუნავს იჭვი. ის მშვიდად გახსნის მრავალ ქარაგმას და ძველ ფორმულებს წაშლის დაფაზე, ასწონ-დასწონის ძველ ნაამაგარს და ახლებურად გადააფასებს. მაინც გვექნება რაღაც საერთო ზნით, ხასიათით, თუნდაც სვე-ბედით, ვერ ვივარგებდით უერთმანეთოდ და ალბათ ვერც კი ვიარსებებდით. ჩვენ ერთმანეთის ფრთები ვყოფილვართ, რწმენა, გამოცდა და გამძლეობა, თითონ ბუნების წესს შეწყობილა ფესვის და ყლორტის მემკვიდრეობა. წმინდაა, როგორც ანდერძი, მსხვერპლი, რასაც მასწავლის ანდა მავალებს ორი მსაჯული და ორი კერპი: წინაპარი და შთამომავალი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი