პოეზიის კალენდარი


პოეტი ბევრს მხოლოდ ბულბული ჰგონია,
რომ კლავს სიხარული ან მელანქოლია.

პოეტში ანგელოზიც ვიხილოთ გვინდა,
ყალამს რომ გამოქნის საკუთარ ფრთიდან.

მიჯნური მგოსნები ვარდისთვის ყეფენ.
ზოგს ბედი ღალატობს,
ზოგს კიდე – უცინის.

თქვენ ალბათ გსმენიათ: პოეტი-მეფე,
პოეტი სასახლის
ან რევოლუციის!

იყვნენ მეფეებიც – მფარველნი ნიჭთა,
ქომაგნი სუსტთა და დუხჭირთა,
მათში სულ პაწია პოეტიც იჯდა
და ალბათ დიდ პოეტებს ამიტომ უჭირდათ.

მრავალმა ადიდა ტახტის მასკარადი,
იპყრო ტიტულები ქურუმთა, მოგვთა,
დაფნის გვირგვინისთვის ტაკიმასხრობდა,
ჰოდა, სიკვდილამდეც მოკვდა.

ფრთხილად! განსაცდელი იჭრება
მხოლოდ ბედისწერის თულფით
და სადაც ტახტია, ბიჭებო,
იქვეა დაფნაც და ყულფიც!

დასცვივა უძველეს კალენდარს
ფურცლები ვარდის და ბუერის…
მარაო… სიცილი… კარეტა…
კარტი… ხელთათმანი… დუელი…

გვესვრიან…
და ესეც ბედია?
თესლია ეშმაკის ნათესი?
უკვდავებაში შედიან
მარტინოვი და დანტესი.

მწუხრივით მოდგება კარებთან
სიზმრის ქარავანი უწყვეტი
და ისევ თოვლი და კარეტა
და ორი ჭრილობა რუსეთის…

დიახ, პოეტები გიდგამდით ეშაფოტს
შენ, თვითმპყრობელობის მრისხანე ვეშაპო!
სულ თავისუფლების ველოდით ვარსკვლავს…
სულ შურისძიების ვლესავდით ხანჯალს…
სახრჩობელაზე სიცილი წასკდა
ფრანსუა ვიიონს – პოეტს და ყაჩაღს.

ვიღაცა მიჰყვება აფრიკის დიუნებს…
მზის სხივი სხმარტალებს კობრად…
ეს არტურ რემბოა – ფრანგი ბედუინი, –
მიათრევს ოქროთი გატენილ თოფრაკს…

მჯერა: აქილევსის ფარზე ასვენია
ლორდ ბაირონის გული…
და განა მარტოდენ ესპანეთს სტკენია
სიმღერა ლორკაზე თქმული!

ზოგი უნიჭო  და ზოგიც გენიოსი,
მოსილი შუქით და ჩეროთი
ხან ვიბადებოდით „მარსელიოზით“,
ხან „ინტერნაციონალით“ ვკვდებოდით.

ვივა, საფრანგეთო! მიყვარხარ! გიგალობ,
ეგ ცეცხლი არასდროს დაცხრება.
სალამი, სალამი, ოქტომბრის გრიგალო,
მარცხენა!
მარცხენა!
მარცხენა!

ვარსკვლავებს ვუწოდებ მგოსნის ნატყვიარებს,
მაგრამ ვერ მოჰკლავენ მუზას,
„მოაბიტის რვეულს“ დროშად აფრიალებს
თათრეთის ლომგული მუსა.

სამშობლოს ეკუთვნის ნიჭით თუ ხინჯით
ყველა ჭეშმარიტი ხელოვანი,
ჭაღარა მოკვდა პატარა ბიჭი –
გვარდიის კაპიტანი მირზა გელოვანი!

ამიტომ
სიამაყით ვიტყვი ყოველთვის:
(თავბრუდახვეული ცხოვრების ჯარათი,)
მართლაც ყველაფერი იყო პოეტი,
მაგრამ არასდროს,
არასდროს –
ჯალათი!..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი