რიტმები
ჩემმა წინაპარმა ოდესღაც რიტმი აიტაცა ცულივით, მინდვრები რიტმებით მოთესა, მოიკლა ათასი წყურვილი. ბადე აფართქალა რიტმებით, ჯილეში დაყარა ქვირითად, რიტმისგან უთრთოდა თითები და ხმა გამოდენა სტვირიდან. ქვის ცულით აჩეხა მამონტი და ღმერთებს ცეცხლი მოსტაცა, საუკუნეებზე გადმოდის ბრინჯაოს და რკინის ოსტატად. მზე ხარზე გაიდო თოხივით და მთვარე ნამგალად მოღუნა და საუკუნეებს მოჰყივის „ლილეო“, „ვარადა“, „ჰოპუნა“. ეს რიტმი ეწეოდა ღმერთისკენ ციხე-ტაძრებსა და მაჩუბებს საუკუნეები შერისხეს, ზეცა გუმბათებით დაშუბეს. ეს რიტმი, ყიჟინად ქცეული, მონღოლებს კბილებით ეკავათ, 300 წელს ეს რიტმი წყეული აზიას გაუდგა წელკავად. რიტმი აჭიხვინებს ულაყებს, რიტმი ერეკება ფრინველებს, ბებერ ხეს უჯრედებს უახლებს და ცაში გრუხუნით იელვებს. რიტმი სიშორეებს ესწრაფის, ხმებით დაყურსა და დატენა მინდვრად თვითეული ლერწამი, სახლზე თითეული ანტენა. მინათებს წარსულის ჩეროდან, რაც სიბრძნის კელაპტრად მინთია და ეპიტაფიაც, გჯეროდეთ, უკვე გარდაცვლილი რიტმია. არც ფრენას, არც ნახტომს იშლიდა და მიწას ჟრუანტლად უვლიდა – რიტმი ასხლეტილი ხიშტიდან და გამოვარდნილი ლულიდან. რიტმი ჩაკეტილი ატომში გაექცა ფორმულებს, სინჯარებს და ვარსკვლავთ მირაჟებს წამოშლის დღეს რეაქტიული სიჩქარე. რასაც კალენდრები ფანტავენ, რასაც საათები ითვლიან, დასასრულია თუ სათავე, რიტმია, რიტმია, რიტმია. ჰა რიტმი მიწის რყევასავით მაგიდას მახლის, როგორც საწყისი რაღაც ახლის და მხოლოდ ახლის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი