კვიცისა და ბროწეულისა


ტოლებს შორის ოცნებებში ვერ მჯობნიდა ვერცერთი,
მგრამ ხშირად ოცნებებში ვიტეხავი კინწს, 
ლექსებში და გოგონებში სულ ერთ რამეს ვეძებდი – 
აფეტქებულ ბროწეულს და 
დაფეთებულ კვიცს. 
ბედო, ბედო-კუდაბზიკა, 
ჩემთვის ცოტას იცლიდი, 
მუდამ ცოტას იმეტებდი ნექტარს უებროსეულს, 
ერთიც მომაფერებინე შეშინებულ კვიცისთვის 
და ერთხელაც შემალეწე გადარეულ ბროწეულს! 
ბედო, ბედო, 
მომისიე ჩემი ორი ალქაჯი, 
სულ მამყოფე ამ ჭიხვინის, ამ ბრიალის ალყაში. 
რომ ხანდახან შემოქმედმა გადამხსნას და 
ჰაიდა: 
სიხარული, სიყვარული იშვას არარაიდან. 
რომ სულიდან, 
რომ ტანიდან 
გიჟურ თავდავიწყებით 
გადმოვბერტყო ბროწეული. . 
გადმოვრეკო კვიცები… 
. . . . . . . . . .
რიონისპირ გამოსულა კვივივით ბროწეული, 
ჭიხვინებს და ყელს იღერებს ყვავილის ფაფრიანი, 
პოეზიაც ჩემთვის არის ბედისწერა წყეული, 
ურა კვიცის ჭიხვინი და ბროწეულის ბრიალი. 
ცა იხსნება… 
და ღმერთებთან ნადიმზე ვარ წვეული 
და ტანიდან გამორბიან კვიცი და ბროწეული…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი