სინანულის ბალადა ანუ ოი, ოი, ოი…
მქონდა თეთრი ხატა, სანთლიანი ნიში, ცოტა – მეფის ხათრი, ცოტა – უფლის შიში. როგორც ჰორიზონტზე გუთნიანი ცხენი, ის ცხოვრება წყნარი გამომცქერის წყენით. მაგრამ, როცა ბრუნავს სტეპის კარუსელი, როცა ხმალი სტვენს და მღერის მაუზერი, ვოლგის ათერგებას, რწმენის ამხედრებას ერთი რა ბიჭი ხარ, მიდი, გაუძელი. და ჰა, ტაჩანკებით, წალდებ-ნაჯახებით სტეპებს მოვედეთ და კოცონს ვაჩაღებდით. და კბილების ღრჭენით, ყიჟინით და სტვენით, მემამულის დევნით გზები აქამანდდა. არაყს კი არ ვსვამდით: ვხვრეპდით, ვხვრეპდით, ვხვრეპდით, ერთმანეთსაც ვხვრეტდით მახნო ატამანთან. რუსეთ-უკრაინის შვილნი გულადები, სლავიანურ ჯიშის ქერა მულატები. სტეპის შიშველ მთვარეს და ტკარცალა ქარებს ცხენზე შევისვამდით, ვით კაზაკის ქალებს. ჰეი, სიჭაბუკევ, მიდი, იქარბუქე სულ სხვა მამელუკად, სულ სხვა იანიზრად. მიდი, იპარპაშე, კარტი ითამაშე, სვი და იღარეშე ნესტორ ივანიჩთან! არაყი და კარტი, ნაჯახი და ხატი! ათას სისულელით გლეხი გათამამდა. კახპის საცვლებივით ისეც დაწყევლილი ტვინი აგვერია ნესტორ ატამანთან. ოი, ოი, და ოი, ოი, ანტიქრისე, სისხლი მოგვიწამლე… გული გაგვიხისტე… ოი, სიძულვილი, ოი, სინანულო, სიჭაბუკის სისხლო, სტეპებს მინამულო. რა იმედი მქონდა, გულიაი პოლე! ხატს, ნაჯახს და კონდახს ტყუილად ვეამბორე გვხვრეტდა ინტერვენტი და დროსავით კუშტი ჭკუას გვასწავლიდა, ბოლშევიკის მუშტი. . . . . . . . . . . ყვავი მიფარფატებს თუ სამარის ჯვარი? სტეპში განისვენებს ნესტორ მახნოს ჯარი. მოჰყეფს მაუზერი რკინის ბუდიანი და თეთრების რისხვა – მოდის ბუდიონი. ოი, ბაიანო, ოი, გიტარაო, ბევრი მოგვიყევი… კიდევ, კიდევ რაო? თქვენი სიმღერები ხსოვნამ გააჩუქა, ცხენთა თქარათქურად, ხმლების ჩახაჩუხად. და მოისმის, როგორც განაჩენი დროის: ოი, ოი, ოი, ოი, ოი, ოი….
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი