ლეგენდა იანოშ კორჩაკზე
I -ბავშვებო, ბავშვებო, ხვალე შობაა ბავშვებო, ხვალე კარნავალია. იქნება ნაძვის ხე, თამაშობანი და საჩუქრები, რაც მთავარია რჩეულ არტისტებს გზავნის ვარშავა… ტიკინებს, ნიღბებს ახალი მოდის ყიჟინას სცემენ ბავშვები – ვაშააა ხვალ თოჯინების თეატრი მოდის ხვალ დარაზმულნი გავალთ, ბავშვებო სიმღერებით და ტრანსპარანტებით ჭრელი ფრანების ცაში აშვებით საბავშვო თეატრს კარს მივადგებით ხვალის თადარიგს რომ მალე მორჩეს ჭრის იანოში ქაღალდის დროშებს. ჭრის იანოში ნიღბებს, პარიკებს, ჭრის და ღიმილთან ერთად არიგებს -წყნარად, ბავშვებო, ნუ მთხოვთ კომენტარს, მადლობა ვუთხრათ ბატონ კომენდანტს, ძია კომენდანტს კეთილ კომენდანტს არა, არავინ არ გთხოვთ კომენტარს.. და კითხვა მაინც მოჰგავს შენიშვნას: -ძია იანოშ, სთხოვეთ კომენდანტს ხვალე თეატრში ადერ შეგვიშვას. II -პან, თქვენს წიგნებზე ბევრს უტირია ყრმობისას ბევრჯერ გვიჭირისუფლე, -პან, მოწიწებით ამბობს უნტერი- თქვენ კომენდანტი გათავისუფლებთ! ,,არა, ბავშვებო, ნუ შეშინდებით, ნურც ეჭვით მიმზერთ, ნურც შეშფოთებით, ჩემო მშიერო, მფრთხალო ჩიტებო, თქვენ სიკვდილშიაც ვერ მოგშორდებით თქვენ იანოში არ მიგატოვებთ, თავისუფლება არ სურს რიოში პაწიები ხართ, ჰოდა პატრონი იქაც გჭირდებათ, საიქიოში. III ამბობენ, ყოველ ახალწლის ღამეს როცა მღერიან და ღვინოს სვამენ, ცად იმართება სხვა კარნავალი და ღვთის წყალობით ხედავს მრავალი, ყმაწვილია თუ ომგადახდილი: ვიღაცა კაცი, თმებდათოვლილი როგორ მიუძღვის ვარშავის ცაზე პაწია ანგელოსების რაზმებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი