მოცარტი ომში წაიყვანეს
მოცარტი ომში წაიყვანეს, ხვალინდელი მომავალი მოცარტი… მუზებო, განა იოლია ღმერთბიჭის ომში გაშვება? სულში უფრთხიალებს სიმფონიად ბულბულ-იადონი, შაშვები. მშვიდობით, ნოტებო, წიგნებო, ოქროს დროვ ამურის მშვილდობის. მშვიდობით, მსოფლიო დიდებავ, ლამაზო ფროილაინ, მშვიდობით! ხიშტი აზუზუნდა ანტენად და ჰანგებს მოისხამს დღეიდან, სულ შაშვის ჭახჭახით დატენა შაშხანა-ეშმაკის ფლეიტა. მარშ-მარშ და …სიკვდილის ალყაში რკინის ჯვრებს ველით და ვირჯებით. მაგიერ: ყვავების ყაშყაში, ხის ჯვრები… ხის ჯვრები… ხის ჯვრები… II თენდება და ჭალა გუგუნებს, იღვიძებს ათასი ფრინველი, ატირდა რუსული გუგული, ათასი ვაების მხილველი. თქვენ გინდათ ტყის კონცერტს დაესწროთ? თენდება… მზემ პირი იბრუნა… – თქვენ პოსტი დასტოვეთ მაესტრო! – მაესტრო, თქვენ ელით ტრიბუნალს. . . . ზალპი ზალპს მიჰყვა და მიჩუმდა… პატრული წავიდა ქვეითად… ტყვიით დაცხრილული ბიჭუნა ჰგავდა დადუმებულ ფლეიტას…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი