დონ კიხოტის მოგზაურობა ზემო იმერეთში


იმერეთში როს ინათებს –
რა ხიბლია ჯადოსნური:
მიჩაქჩაქებს როსინანტი
ბუხრებიდან გადმოსული.

იმერეთო, ვივა, ვივა!
ვითომ ესპანეთი ხარო,
ერთი სიხარული გტკივათ,
ერთი სატკივარით ხარობთ.

შენც ლამანჩავ, ვაშა, ვაშა!
სიმონეთო, ვივა, ვივა!
იმერეთი მელამანჩა
და ლამანჩაც უფრო მტკივა,

მაშ, ოცნებავ დესპანობდე,
სიხარული მიბევრეთო,
კლდიაშვილის ესპანეთო,
სევანტესის იმერეთო!

მანდაც არი აღერილი
სიმინდები ჩვეულებრივ
ნაჩხუბარი მაყრებივით
ჩოხებ ჩამოხეულები.

მანდაც არი მწვერვალები…
მშობლიური ბასკონია…
ჩამორბიან ჩქერალები
და თხებივით ბუსკნაობენ.

ტყუპები ხართ სიმამაცით,
ზრდილობით და ხვავრიელი
მასპინძლობის სილამაზით
და წერწეტა ნალიებით.

დატრიალდა ქარაშოტად
ცეცხლმოდებულ განთიადად
ტბა გიგანტურ ყაყაჩოთა,
ხომლი ჭიამაიათა.

კორდებია? – კაკაბს ბაძავს,
ბუჩქნარია – დურაჯია! 
ისე როგორც კაკაბაძის
სიზმარში თუ სურათშია.

დაისს შეღამება მოჰყვა –
შუქ-ჩრდილების საზღაური,
როგორც დაბებკილი ჩოხა
შემოდგომის აზნაურის.

აქვე ბუზებს იგერიებს
როსინანტის ტყუპი ჩრდილი,
როგორც ერთდროს მევალეებს
ძველი აზნაურის შვილი.

იმერეთში როს ინათებს –
რა ხიბლია ჯადოსნური –
მიჩაქჩაქებს როსინანტი
ბუხრებიდან გადმოსული.

ლამაზია, უპრიანი
ქართლ-ბასკურ ლაპარაკი
და იდალგოს უფრიალებს
იმერული ფაფანაკი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი